Saturday, October 23, 2010

”ფოლკსვაგენის” ახალი მიზანი - 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვა 2015 წელს

VW said to bring forward 10M sales target to 2015

23 ოქტომბერი

”ფოლკსვაგენმა” შეცვალა თავისი მთავარი მიზანი, რომელიც 2018 წელს 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გულისხმობდა. ახლა გერმანული საავტომობილო გიგანტი უფრო ამბიციურ მიზანს ისახავს - ამ ზღვარს ადრე დაგეგმილზე სამი წლით ადრე უნდა მიაღწიოს. უფრო ადრე, კერძოდ კი 2012 წელს, ვოლფსბურგელებს 8 მილიონი ავტომობილის გაყიდვა აქვთ დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია სააგენტო ბლუმბერგს ”ფოლკსვაგენის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა მიაწოდა, ვინც უცნობად დარჩენა იმის გამო არჩია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის განკუთვნილი არაა და მან მათს შესახებ საბუთებიდან შეიტყო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ”ფოლკსვაგენის” არაოფიციალური მიზნებიც კი მიღწევადია. ოღონდ, ამისათვის აუცილებელი პირობა ისაა, რომ გლობალური ეკონომიკა განვითარებას არ შეწყვეტს. მთავარი კი ისაა, რომ ჩინეთში გაყიდვების ბუმი გაგრძელდეს. ჯერჯერობით ასეც არის:

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ”ფოლკსვაგენმა” ჩინეთში გაყიდვები 39 პროცენტით გაზარდა. ეგ კიდევ არაფერი, ვოლფსბურგელები ცისქვეშეთში კიდევ ორ ქარხანას ააგებენ. მათი გეგმაა, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში, კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 3 მილიონამდე გაიზარდოს. ამისათვის კი ისინი იქ 6 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ.

გარდა ამისა, გერმანული ავტო გიგანტი ჩრდილოეთ ამერიკაშიც აქტიურობს, სადაც შტატ ტენესის ქალაქ ჩატანოგაში ახალ ქარხანას ააშენებს. ეს ქარხანა, პუებლას ქარხანასთან ერთად, აშშ-ის ბაზრის მთავარი მიმწოდებელი გახდება. დაკიდევ, გაიზრდება რუსული ქარხნის წარმოების მოცულობაც, რომელში წარმოებულ პროდუქციასაც, რუსეთის გარდა, დსთ-ის ქვეყნებშიც გაიტანენ.

შარშან, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფმა, რომელშიც ვოლფსბურგული ბრენდის გარდა, გერმანული ”აუდი”, ესპანური ”სეატი”, ჩეხური ”შკოდა” და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი შედის, მთელს მსოფლიოში 6.29 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. და ეს გერმანული კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ”ფოლკსვაგენი” წელს ამ რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებას აპირებს, რაშიც მას ბაზარზე გამოტანილი 70 ახალი და განახლებული მოდელი შეუწყობს.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ”ფოლკსვაგენის” წარმომადგენელმა მიხაელ ბრენდელმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიზანი 2018 წელს 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვაა, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ ვოლფსბურგელებმა ამ მიზანს უფრო ადრეც მიაღწიონ.

ჩვენ კი გაგახსენებთ, რომ გერმანული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხს ”ალფა რომეოს” შეძენა აქვს გადაწყვეტილი და ამის გაკეთებას დაახლოებით ორი წლის შემდეგ იმედოვნებს. და თუ ეს შეძლო, მაშინ სამ წელიწადში, მილანურ კომპანიას წარმოების მოცულობის საგრძნობლად გასაზრდელად საკმარისი დრო ექნება...

No comments:

Post a Comment