Saturday, October 23, 2010

”მინი” პლიაჟის მოდელს გამოუშვებს

MINI Beachcomber Concept Headed for Production

23 ოქტომბერი

წელს, დეტროიტის საავტომობილო შიუზე, ”ბეემვეს” ინგლისურმა ბრენდმა ”მინიმ” საპლიაჟო სასეირნო კონცეპტუალური მოდელი ”ბიჩკომბერი” წარადგინა, რომელსაც თითქოს, კონცეპტუალურ მოდელადვე დარჩენა ელოდა. მაგრამ ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” გვატყობინებს, რომ ”მინი” ამ მოდელის სერიული ვერსიის მომზადებაზე მუშაობს.

უფრო მეტიც, ჟურნალის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის მიუნხენურ დიზაინ ცენტრში საწარმოო ვერსიის ორი ვარიანტი მოამზადეს. მათგან ერთი გარეგნულად ძლიერ ჰგავს დეტროიტში ნაჩვენებ კონცეპტუალურ ავტომობილს და მას სახელად ”მოუკი” შეარქვეს. მეორე კი პატარა სამკარიანი ქროსოვერია, რომლის სახელადაც ”ქენიონ კუპე” აარჩიეს.

ცნობისათვის, 1960-იან წლებში, ”მინი” აწარმოებდა ავტომობილს სახელად ”მოუკ” და ახალი ავტომობილი, თუ ის კონვეიერზე დადგა, შეიძლება ძველი ”მოუკის” შთამომავლად ჩაითვალოს. ახალი ”მოუკი” ბაზირებულია ქროსოვერ ”ქანთრიმენის” პლატფორმაზე, რომელსაც მალე ასევე ახალ ”კლუბმენზეც” გამოიყენებენ. მისი მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი სტრუქტურა. სამაგიეროდ, კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით, სერიულ ავტომობილს ოთხივე კარი და ჰეჩბეკის ტიპის უკანა ნაწილი ექნება.

რაც შეეხება ”ქენიონ კუპეს”, ”ბეემვეს” კუპე-ქროსოვერ X6-ის მსგავსად, მას უკანა მხარეს დახრილი სახურავი ექნება. სხვათა შორის, სწორედ ამ უკანასკნელის პოპულარობამ განაპირობა ის, რომ ”მინის” ახალი მოდელის ერთ-ერთ ვერსიას ეგრეთ წოდებული სპორტული ქროსოვერის გარეგნობა აქვს. რაც შეეხება ახალი ავტომობილის აღჭურვილობას, ის პრაქტიკულად იგივე იქნება, რაც ”ქანთრიმენზეა”. ამასთან, საპლიაჟო ”მინი” სრულამძრავიან ტრანსმისიასაც მიიღებს.

”ავტოქარის” ინფორმაციით, ამჟამად ”მინის” დიზაინერები ორივე მოდელის გარეგნობის დახვეწაზე მუშაობენ. რაც შეეხება იმას, თუ მათგან რომელზე შეჩერდება არჩევანი, ეს საკითხი დეტროიტის მომავალი წლის ავტო შოუს შემდეგ გადაწყდება.

No comments:

Post a Comment