Sunday, October 24, 2010

”ბენტლი” ოთხკარიან კუპეს გამოუშვებს

Bentley Four-Door Coupe in the Works

24 ოქტომბერი

ოთხკარიანი კუპეების სეგმენტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ”მერსედეს ბენცმა” გახსნა, სულ უფრო პოპულარული ხდება. მორიგი კომპანია, რომელიც ამ სეგმენტში შეღწევას აპირებს, ”ბენტლია”. ინგლისურ გამოცემა ”ავტო ექსპრესთან” საუბრისას, ”ბენტლის” შეფმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა განაცხადა, რომ მის კომპანიას ოთხკარიან კუპეზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, ეს ავტომობილი ინგლისური კომპანიის გამაში, ”კონტინენტალსა” და ”მულსანს” შორის ნიშას შეავსებს.

”ავტო ექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ”ბენტლი”, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს და რომელიც შემუშავების საწყის ეტაპზეა, ბაზარზე კონკურენციას ”პორშე პანამერას”, შემდეგი თაობის ”მაზერატი კვატროპორტესა” და ”ასტონ მარტინ რეპიდს” გაუწევს. მომავალში, თუ ”ლამბორგინი” ოთხკარიან კუპეს გამოუშვებს, ისიც ”ბენტლის” შესაბამისი ავტომობილის კონკურენტი გახდება. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ”ბენტლიც” და ”ლამბორგინიც” ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის.

ბრიტანული გამოცემის ვარაუდით, ”ბენტლის” ოთხკარიანი კუპე ”აუდი” შესაბამისი კლასის ”A7 სპორტბეკის”, ან ახალი A6-იუს პლატფორმაზე აიგება. მის კონსტრუქციაში უხვად გამოიყენებენ ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონას 1700 კილოგრამის ფარგლებში ”დაიჭერენ”. შედარებისთვის, ”ბენტლი ფლაინგ სპერი” 2475 კილოგრამს, ”ბენტლი მულსანი” კი 2585 კილოგრამს იწონის.

კაპოტის ქვეშ მოთავსდება ”აუდივე” 4.0-ლიტრიანი ტურბო V8, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ”აუდის” სპეციალისტებიც ღებულობენ. იგივე ძრავი მოგვიანებით ”ბენტლი კონტინენტალზეც” გამოჩნდება. ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, რომელიც სრულამძრავიანი სისტემის გავლით, მაბრუნ მომენტს ოთხივე წამყვან ბორბალს მიაწვდის.

”ბენტლი” ჯერ არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყებს ოთხკარიანი კუპეს წარმოებას. ინგლისური კომპანია იმედოვნებს, რომ მისი წყალობით, შესამჩნევად გაზრდის გაყიდვებს. მთუმეტეს, რომ ავტომობილი თავის ძირითად კონკურენტ ”ასტონ მარტინ რეპიდზე” თითქმის ორჯერ იაფი - 135 000 დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment