Saturday, October 16, 2010

კვატრო

ეს სახელი ”აუდის” ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. მისი მეშვეობით, 1983 და 1984 წლებში, ფინელმა ჰანუ მიკოლამ და შვედმა სტიგ ბლომქვისტმა, ზედიზედ მოიპოვეს რალიში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა და კარგა ხანს, გერმანულმა კომპანიამ სიტყვა კვატროც კი დაივიწყა. თუმცა, სამუდამოდ დასავიწყებლად მაინც ვერ გაიმეტა.

და აი, პარიზში დიდი წინაპრების შთამომავლის კონცეპტუალური ვერსია გამოჩნდა და ის პირველი ”კვატროს” შექმნიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცეპტუალური სპორტული კუპე ”აუდის” მოდელ RS5-ის დამოკლებულ (150 მილიმეტრით) პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც სრულამძრავიანი ტრანსმისია (კვატროს სხვანაირი როგორ ეკადრება) ემსახურება. e-ტრონ სპაიდერის მსგავსად, ”კვატროს” სალონშიც მხოლოდ ორი ადგილია, რაც მის სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ავტომობილის ძარა თითქმის მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული. კარბონის კომპოზიტი გამოიყენეს კაპოტის, უკანა კარისა და ზოგიერთი დეტალის დასამზადებლად. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილი მხოლოდ 1300 კილოგრამს იწონის. მართალია, ის ინგოლშტადტელთა კორპორატიულ სტილს შეესაბამება, თუმცა მასში პირველ ”კვატროსთან” მსგავსებაც შეინიშნება. ამ ორ ავტომობილს ძალიან ამსგავსებს უკანა ფართო საყრდენი, რომელიც ლეგენდარული რალი ქარის საფირმო ნიშანი იყო.

კონცეპტუალური ”კვატრო” 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ტურბომოტორითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 408 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 480 ნიუტონმეტრი. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ტრანსმისია მამოძრავებელ ძალას ოთხივე, 20-დუიმიან ბორბალს გადაეცემა. ბორბლებში მოთავსებულია მუხრუჭების კარბონ-კერამიკული დისკოები, რომლებსაც 6-6 ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება.

მთელი ამ ავლა-დიდებით, კონცეპტუალურ ”კვატროს” 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეუძლია. რამდენია მისი მაქსიმუმი, ამაზე ჯერჯერობით ”აუდის” არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, ”კვატროს” ტემპერამენტი ხელოვნურად, 250 კმ/სთ-ის დონეზე უნდა იყოს შეზღუდული. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეს ავტომობილი ყოველი 100 კილომეტრის გასავლელად 8.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ახალი ”კვატროს” წარმოება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ოღონდ, ამ ავტომობილს მცირე სერიით, იტალიური ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯარო” გამოუშვებს, რომელიც ახლახანს, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის წევრი გახდა.

No comments:

Post a Comment