Friday, October 15, 2010

”რენოს” პავილიონში ელექტრომობილები მეფობენ

15 ოქტომბერი

”რენო”, თავის იაპონელ პარტნიორ ”ნისანთან” ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტოკომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას მალე დაიწყებს. ამიტომ, გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ პარიზის ავტო გამოფენაზე, ფრანგული კომპანიის ექსპოზიციის მთავარი პერსონაჟები, ელექტროავტომობილები იყო.

რენო დეზირ
მართალია, ელექტრომობილია, მაგრამ ”რენოს” კონცეპტუალურ სპორტქარის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მისი დახმარებით, ფრანგული კომპანია თავისი კორპორატიული სტილის ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. როგორც კომპანია აცხადებს, ეს მიმართულება ხალხს ისევ ”რენოს” დახვეწილ სტილზე აალაპარაკებს.

”დეზირ-ის” დიზაინი ”რენოს” ახალი მთავარი დიზაინერის, ლორენს ფან დენ აკერის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი პროექტია. აკერმა შარშან ამ პოსტზე პატრიკ ლე კემენტი შეცვალა. სხვათა შორის, სანამ ”რომბების” ფორმას მოირგებდა, ჰოლანდიელი დიზაინერი ”მაზდაში” სხვადასხვა (ნაგარა, რიუგა და ჰაკაზე) კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობდა. მანამდე კი გამოცდილებას ”ფორდსა” და ”აუდიში” აგროვებდა.

ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც ”დეზირ-ს” გამოარჩევს, მისი წინა ნაწილის სტილია, რადგან ”რენოს” განცხადებით, მსგავსი მოყვანილობა მალე კომპანიის უკლებლივ ყველა მოდელზე გადაინაცვლებს.

ისე კი, ”დეზირ-ს” ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის (წინა საყრდენსა და სახურავზე არსებულ ორ წერტილს ეყრდნობა და ქვევიდან ზევით იხსნება) კონსტრუქცია აქვს. მისი სიგრძე 4.2 მეტრი, სიმაღლე კი 1.1 მეტრია. ამგვარად, ის ”აუდი TT-ზე” ოდნავ გრძელი და მნიშვნელოვნად დაბალია. იმის წყალობით, რომ ავტომობილის შექმნისას, მრავლადაა გამოყენებული მსუბუქი მასალები, მათ შორის კევლარი, ”დეზირ-ი” მხოლოდ 830 კილოგრამს იწონის.
”დეზირ-ი” მხოლოდ ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაში, უკანა ღერძის სიახლოვესაა განლაგებული და უკანა ბორბლებს აბრუნებს. ეს ის ძრავია, რომელსაც ”რენო” თავის პირველ სერიულ ელექტრომობილებზე გამოიყენებს. ოღონდ, მისი სიმძლავრე 150 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 226 ნიუტონმეტრამდეა გაზრდილი.

ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ენერგოტევადობაც 24 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრი გაიაროს. რაც შეეხება დინამიკურ მონაცემებს, ფრანგული კომპანიის განცხადებით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, ”დეზირ-ს” 5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ია.

No comments:

Post a Comment