Wednesday, October 13, 2010

ლომების ექსტრემალი - პეჟო EX1
ფრანგული კომპანია წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბუნებრივია, ამ თარიღთან დაკავშირებით, თავის გამოჩენას ეცდებოდა. ასეც მოხდა - ჯერ კიდევ პარიზული გამოფენის დაწყებამდე გახდა ცნობილი, რომ საიუბილეოდ ”ლომებს” უჩვეულო ფორმის ელექტრომობილი აქვთ მომზადბული, რომელსაც სახელად EX1 უწოდეს. ზოგიერთი განსაზღვრებით, ეს აბრევიატურა ელექტრულ ექსტრემალს უნდა ნიშნავდეს და რახან პირველი ნომერია, ლომებისგან მომავალში ამ სერიის გაგრძელებასაც უნდა ველოდოთ.

სხვათა შორის, ”პეჟოს” რატომღაც ეს ავტომობილი პარიზის ავტო რანდევუზე არ წარუდგენია. სამაგიეროდ, ის უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე დააყენა - ავტომობილი კომპანიის იმ შოურუმში დააყენეს, რომელიც ელისეის ბულვარზე მდებარეობს.

ავტომობილი უჩვეულო გარეგნობით გამოირჩევა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მასში ”პეჟოს” ძველი კონცეპტუალური ავტომობილების დიზაინის ელემენტებია შერწყმული. თავისი აგებულებით, EX1 როგორღაც ”პეჟოს” სხვა კონცეპტუალურ მოდელებს - ”ასფალტს” და ”20კაპს” მოგვაგონებს. სტილი მას კონცეპტუალური SR1 -ის მსგავსი აქვს, მისი ალუმინის ძარის ზოგიერთ ელემენტზე კი შეიძლება თქვათ, რომ ასევე კონცეპტუალური RCZ-ის და BB1-ისგან გადმოიღო. მოკლედ, ძველი კონცეპციების ნამდვილი ნაჯვარია.

”პეჟოს” განცხადებით, EX1-ს წყლის წვეთის მსგავსი პროპორციები აქვს. საერთოდ, ითვლება, რომ წყლის წვეთს იდეალური აეროდინამიკური ფორმა აქვს და ”ლომებმაც” სცადეს, რომ თავიანთი კონცეპტუალური ავტომობილის მოყვანილობაც ასეთი ყოფილიყო. ამიტომ, თუ წინა ბორბლების კვალი ნორმალურია, მანქანის უკანა სექცია ორ, ახლოს განლაგებული უკანა ბორბლის ირგვლივაა აგებული. რა თქმა უნდა, უცნაურმა აღნაგობამ ახვა ტიპის საკიდარი მოითხოვა. თუ წინა ბორბლებზე რხევების ჩაქრობას ჩვეულებრივი, ორკაპა ჩანგლის ფორმის ”გიტარების” სტრუქტურა უზრუნველყოფს, უკან ორივე ბორბლის რხევებს ერთი, ცენტრალური ამორტიზატორი აქრობს.

მზიდი სტრუქტურა კი მონოკოკური სისტემაა და ის კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ეს კი ამ სტრუქტურის სიხისტესაც ზრდის და წონასაც ამცირებს. EX1-ს გაბარიტებია: სიგრძე 3.54 მეტრი, სიგანე 1.77 მეტრი, სიმაღლე 0.90 მეტრი. ამასთან, ავტომობილი სულ რაღაც, 750 კილოგრამს იწონის.

მთავარი კი ისაა, რომ EX1 არის ორადგილიანი ელექტრო როდსტერი, რომელიც დინამიკური ავტომობილების მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება.

ფრანგული კომპანიის განსაზღვრებით, ეს არის ”ოცნების ავტომობილი”, რომელიც ”ელექტრო ძრავების განმაცვიფრებელი შესაძლებლობებს” გვიჩვენებს. დაკიდევ, ”პეჟო” ირწმუნება, რომ EX1-ს ტესტების დროს, ადგილიდან აჩქარებაში რამდენიმე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, თუმცა კონკრეტული მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

ფაქტია, რომ EX1-ს ულტრა მსუბუქი მზიდი სტრუქტურა აქვს და მის ოთხივე ბორბალს, მაბრუნ ძალას ორი ელექტროძრავი აწვდის, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 340 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 240 ნიუტონმეტრს აღწევს. ამასთან, თითოეული ძრავი თითო ღერძს ემსახურება და აქედან გამომდინარე, ავტომობილი სრულამძრავიანია. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს.

No comments:

Post a Comment