Wednesday, November 10, 2010

”მერსედეს ბენცი” ოთხცილინდრიან S-კლასს გამოუშვებს

Mercedes Introduces Smallest Engine in Luxury Class

10 ნოემბერი

”მერსედეს ბენცმა” უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მალე შტუტგარტული კომპანია მყიდველს თავისი ფლაგმანის, S-კლასის სედანის ისეთ ვერსიებს შესთავაზებს, რომლებიც დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი.

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ S-კლასის სედანის წარმოება დაიწყო და ამ პერიოდში ამ ავტომობილზე ოთხცილინდრიანი ძრავი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. მაგრამ რამდენადაც სამქიმიანები თავიანთი კონკურენტების - ”ბეემვესა” და ”აუდისგან” უმკაცრეს კონკურენციას ხვდებიან, მათ შორის, ”მწვანე” ავტომობილების ფრონტზე, მათ ასეთი უპრეცედნტო გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო წლებში ბაზარზე ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლები იმ მყიდველს, რომელიც გარემოზე ზრუნვას ყველაზე მაღლა აყენებს, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ავტომობილებს სთავაზობენ. ამ საკითხში ნამდვილი ლიდერი ”ბეემვეა”, რომელიც ეკოლოგიური ტექნლოგიების განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. თუმცა, ამ მხრივ, მას სერიოზული კონკურენტი ”მერსედეს ბენცის” სახით ჰყავს, რომელმაც ”მწვანე” ტექნოლოგიების განვითარებას წელს 1 მილიარდი ევრო მოახმარა, ეს კი შარშანდელ ანალოგიურ ინვესტიციაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ S250 CDI-ს თავიანთი დილერებისთვის მიწოდებას გერმანული კომპანია 2011 წლის დასაწყისიდან შეუდგებიან. ავტომობილის სავარაუდო ფასი 65 000 ევრო იქნება. ორტონიან ავტომობილს დიზელის 2.2-ლიტრიანი აგრეგატი ამოძრავებს. აგრეგატის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 500 ნიუტონმეტრი და ამ მაჩვენებელს ძრავი უკვე 1600 ბრ/წთ-ზე აღწევს. როგორც შტუტგარტელები ამბობენ, ეს მახასიათებლები დზელის ექვსცილინდრიანი აგრეგატისას შეესაბამება, მათი მიღწევა კი შესაძლებელი ორსაფეხურიანი ტურბოჩაბერვის წყალობით გახდა.

სედანი S250 CDI მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვისაც კი შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. 100 კილომეტრის გასავლელად ის 5.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 149 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ამგვარად, ეს არის ლუქსის კლასის პირველი ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს და კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 150 გრამ ნახშირორჟანგზე ნაკლებით აბინძურებს.

No comments:

Post a Comment