Tuesday, December 14, 2010

აუდი ოთხცილინდრიან A8-ს გამოუშვებს

Audi Will Make Four-Cylinder A8

14 დეკემბერი

ავტომობილების ეკონომიურობაზე ზრუნვის ვირუსი პრემიუმ სეგმენტის მწარმოებლებსაც გადაედო. ბეემვე ახალი, მწვანე ტექნოლოგიების ასათვისებლად 1.2 მილიარდ ევროს გაიღებს, მერსედსმა კი ამავე საქმისთვის გამოყოფილი სახსრები გააორმაგა - მილიარდამდე გაზარდა. ჯერი აუდიზეა, რომელმაც გამოაცხადა, რომ თავის ფლაგმანს, სედან A8-ს ოთხცილინდრიანი ძრავითა და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვავს. ოღონდ, ეს ძრავი ჰიბრიდული აგრეგატის ნაწილი იქნება.

ძრავის მოცულობის და ცილინდრების რიცხვის შემცირების მთავარი მიზანი, ეკონომიურობის გაუმჯობესება და მავნე აირებით ატმოსფეროს მინიმალურად დაბინძურებაა. ევროპაში მალე გამონაბოლქვზე ახალი, მკაცრი ნორმები ამოქმედდება, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, მწარმოებლებს საჯარიმო თანხების გადახდა მოუწევთ. და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ ეს ნორმები დაიცვან, ან მათ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

ეკოლოგიურად სუფთა A8-ს შესაქმნელად, ინგოლშტადტელები ჰიბრიდულ პლატფორმას ამზადებენ, რომელშიც პატარა, ოთხცილინდრიან ძრავთან, ელექტროძრავი იქნება შეწყვილებული. ჯერ ამ ჰიბრიდული აგრეგატის ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა აუდი ირწმუნბეა, რომ მისი დახმარებით, ევრო6 სტანდარტს დააკმაყოფილებს.

სხვათა შორის, ახლახანს ოთხცილინდრიანი S-კლასის სედანის წარმოების გადაწყვეტილება მერსედეს ბენცმა მიიღო. ცნობისათვის, უკვე 60 წელია, რაც შტუტგარტელები S-კლასის სედანს უშვებენ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ავტომობილის კაპოტის ქვეშ 4-ცილინდრიანი ძრავი მოეთავსებინოთ.

კონკურენტისგან გასნხვავებით, აუდიში ფიქრობენ, რომ მარტო ძრავის მოცულობის და ცილინდრების რიცხვის შემცირებით, მხოლოდ იმას მიიღებენ, რომ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები გაუარესდება. ამიტომ, საჭიროა დამხმარე ელექტროძრავი, რომელიც შიდაწვის ძრავის დაპატარავებით გამოწვეულ სიმძლავრის დანაკარგებს დააბალანსებს.

სხვათა შორის, მერსედესმა ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე სწორედ ჰიბრიდული კონცეპტუალური ავტომობილი F 800 სტაილი გამოფინა, რომელიც შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა და ძალიან ეკონომიურიცაა.

სანამ ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ A8-ს წარმოებას დაიწყებს (სავარაუდოდ, ეს 2012 წელს მოხდება) აუდი მერმისს მყიდველს ამ სედანის V6 ტურბოდიზელიან ვერსიას შესთავაზებს, რომელსაც წინა წამყვანი ბორბლები ექნება. გერმანული კომპანია განმარტავს, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ავტომობილების ეკონომიურობაზე ზრუნვა იმ მყიდველის ინტერესების გათვალისწინებით ხდება, რომლებსაც სურთ, რომ პრესტიჟულ ავტომობილსაც ფლობდნენ და იმავდროულად, ზედმეტი გადასახადის გადახდასაც ერიდებიან. ცნობისათვის, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო იზრდება გადასახადი ხარჯიან ავტომობილებზე. ამგვარად, მთავრობები ცდილობენ, რომ ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირებას მიაღწიონ და როგორც ჩანს, მათს მცდელობას შედეგი მოაქვს.

დაბოლოს, თავიანთი კონკურენტებისგან განსხვავებით, გამონაბოლქვის შემცირების სხვა გზა აირჩია ბეემვემ, რომელიც ცილინდრების რიცხვის შემცირებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ბავარიელებს ამ საკითხისადმი სხვანაირი მიდგომა აქვთ. მათ ურჩევნიათ, გამონაბოლქვის შემცირებას საწვავის უფრო ეფექტური წვის ხარჯზე მიაღწიონ, რისთვისაც ძრავის კონსტრუქციის გართულება უწევთ...

No comments:

Post a Comment