Wednesday, December 22, 2010

”მერსედეს ბენცის” მუზეუმს წელს 650 ათასი მნახველი ჰყავდა

Mercedes-Benz Museum, a Hit in 2010

21 დეკემბერი

ბოლო წლებში, ბევრმა საავტომობილო კომპანიამ გააცნობიერა, რომ მოგების მოტანა, ავტომობილების გაყიდვის გარდა, სხვა რამეებსაც შეუძლია. მაგალითად, აქსესუარებს, სიმბოლიკას და... ისტორიას. ოღონდ, ისტორიას მუზეუმების სახით. ამ მხრივ, ყველაზე მეტად გერმანული კომპანიები აქტიურობენ, რომლებსაც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მუზეუმები აქვთ გახსნილი და წლიურად ათიათასობით დამთვალიერებელს მასპინძლობენ.

მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმი ”მერსედეს ბენცს” აქვს, სადაც შტუტგარტული ავტოგიგანტის ისტორიის ერთ დღეში დათვალიერება შეიძლება და სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ავტომობილი მხოლოდ მეტალის და მოძრავი დეტალების მოწესრიგებული გროვა არ არის და რომ მის შესაქმნელად, ყოველთვის საუკეთესო ტვინები მუშაობენ.

სხვათა შორის, ”მერსედეს ბენცის” მუზეუმი მერმისს კიდევ უფრო აქტუალური იქნება - სრულდბეა 125 წელი მას შემდეგ, რაც კარლ ბენცმა თავისი პირველი ავტომობილის დაპატენტებაზე შეიტანა განაცხადი. შესაბამისად, მუზეუმს წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.

ცნობისათვის, როგორც ”მერსედეს ბენცის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, წელს მუზეუმს 650 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. მუზეუმის მონაცემებით, დამთვალიერებელთა 27 პროცენტი უცხოელია, რომელთა უმეტესობაც, გერმანიას სწორედ იმ მიზნით ეწვია, რომ საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარკის ისტორია საკუთარი თვალით ეხილა.

”ფაქტი, რომ ზედიზედ მეხუთე წელია, ჩვენი მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობა იზრდება, სიამაყით აღგვავსებს. ეს გვიჩვენებს, რომ მუზეუმის ჩვენეული კონცეპცია კარგად მუაობს. გარდა იმისა, რომ ვიზიტორებს ჩვენი კომპანიის წარსულს, აწმყოს და მომავალს ვაცნობთ, იმის საშუალებაც გვეძლევა, რომ აქ სხვადასხვა ღონისძიება და გამოფენა ჩავატაროთ”, - ამბობს ”მერსედეს ბენც კლასიკის” მენეჯერი მიხაელ ბოკი.

მუზეუმში სამქიმიანთა ისტორია რამდენიმე მიმართულებითაა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მთავარი ბრენდის ისტორიაა, რომელთან ერთადაც, მისი მანქანების აგებულებას, მოტორსპორტის ისტორიას, კომერციულ ავტომობილებს, ტექნოლოგიების განვითარებასა და რა თქმა უნდა, კლასიკურსა და თანამედროვე, ასევე კონცეპტუალურ ავტომობილებს გაეცნობით.

No comments:

Post a Comment