Thursday, December 2, 2010

”დოჯ ვაიპერი” ბრუნდება

New Dodge Viper Confirmed

2 დეკემბერი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”კრაისლერმა” თავისი განთქმული სუპერ ავტომობილის, ”დოჯ ვაიპერის” წარმოება შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში, პრესაში ამ სახელის მომავლის შესახებ საუბარი არ შეწყვეტილა. იყო იმის ვარაუდიც, რომ ამერიკული კომპანია ”ვაიპერს” ცალკე ბრენდად გაყიდდა. მაგრამ ეს არ მოხერხდა. შემდეგ კი ამერიკულმა კომპანიამ ”ფიატთან” ალიანსი შექმნა.

და აი, ”დოჯის” შეფმა რალფ ჯილმა დაადასტურა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ”კრაისლერის” დირექტორთა საბჭომ, ”ვაიპერის” წარმოების განახლება გადაწყვიტა. უფრო მეტიც, მისივე თქმით, ახალი ავტომობილის შემუშავება უკვე დაწყებულია.

ასევე ინტერნეტით გავრცელებული იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი ან ”ალფა რომეოს” სუპერ ავტომობილ ”8C კომპეტიციონეს”, ან ”ფერარის” რომელიმე ავტომობილი პლატფორმაზე აიგებოდა. მაგრამ ჯილი ხაზგასმით ამბობს, რომ ახალი ”ვაიპერი” არცერთ სხვა მოდელზე არ იქნება ბაზირებული. ამასთან, ავტომობილს კვლავაც გრძელი კაპოტი ექნება, რამაც პირველ ”ვაიპერს” სახელი გაუთქვა.

”კაბინა რომ ძალიანაა უკან დაწეული, ეს ”ვაიპერის” საფირმო ნიშანია. როგორც წესი, ”ვაიპერს” ძალიან გრძელი კაპოტი აქვს და ეს ტრადიცია კვლავაც შენარჩუნდება. სულ რამდენიმე მანქანაა შემორჩენილი, რომელსაც მსგავსი პროპორციები აქვს და ჩვენ ამის შეცვლას არ ვაპირებთ”, - ამბობს ჯილი, ვინც იმავდროულად, ”დოჯის” დიზაინის განყოფილებასაც კურირებს.

რაც შეეხება ძრავს, ”ვაიპერი” არც ამ აგრეგატს ისესხებს ”ფერარისგან”, ან სხვა რომელიმე იტალიური ბრენდისგან. ამერიკული კომპანია მას სუფთა ფურცლიდან შეიმუშავებს, თუმცა ამ პროცესში მთავარ როლს, ”ფიატის” სპეციალისტები შეასრულებენ.

”ჩვენ მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ”ფიატს” ავტომობილების სრულყოფის წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ძალიან მინდა, ახალი ”ვაიპერი” უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მისი მართვით, მფლობელები დიდ სიამოვნებას ღებულობდნენ”, - დასძენს ჯილი.

ცნობისათვის, ბოლო ”ვაიპერის” (SRT10) კაპოტქვეშ მოთავსებულია 8.4-ლიტრიანი V10 მონსტრი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ ავტომობილს პოპულარობა მისი ძრავის სიმძლავრემ და იმ ფაქტორმა მოუპოვა, რომ მას არ აქვს სტაბილურობის კონტროლის სისტემა.

No comments:

Post a Comment