New Bentley Continental V8 Range Revealed, will Debut at the Detroit Motor Show
13 დეკემბერი
„ბენტლიმ“ თავისი კუპე და კაბრიოლეტი „კონტინენტალი“ ახალი, „ფოლკსვაგენის“ (აუდის) წარმოების წყვილტურბოიანი 4.0–ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა და მათ პირველად საზოგადოებას დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე წარუდგენს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინგლისური კომპანია თავისი მთავარი მოდელის V8 ძრავს დგამს.2003 წლიდან მოყოლებული, რაც დიდი ტურიზმის კლასის ეს ავტომობილი ბაზარზეა, ის მხოლოდ წყვილტურბოიანი 6.0–ლიტრიანი W12 ძრავითაა აღჭურვილი. და ეს ამ მოდელისთვის, აქამდე ერთადერთი ძრავი იყო.
„ახალი 4.0–ლიტრიანი V8 ძრავით, ჩვენ ახალი თაობის „კონტინენტალის“ გამას ვაფართოებთ. ახალ ძრავს საკმარისზე მეტი სიმძლავრე და ელასტიურობა აქვს იმისათვის, რომ ყველაზე მომთხოვნი მძღოლები დააკმაყოფილოს. ის სრულად შეესაბამება ჩვენს დახასიათებას „მომენტის ტალღა“ და ამ ძრავით, ეს მანქანა შეინარჩუნებს იმ ფრთებს, რომლებიც ლოგოზეა გამოსახული. ეს აგრეგატი უახლესი ტექნოლოგიებით მზადდება, რისი წყალობითაც, მაღალი სიმძლავრის გარდა, მას საწვავის ეკონომიური ხარჯი და სუფთა გამონაბოლქვი ახასიათებს“, – ამბობს „ბენტლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ვოლფგანგ დურჰაიმერი.
ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა, რასაც მუხლა ლილვის 6000 ბრ/წთ–ზე ავითარებს. მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს კი – 660 ნიუტონმეტრს, ბრუნთა რიცხვის ფართო დიაპაზონში (1700–4000 ბრ/წთ–ზე) აღწევს. მთელ ამ ბარაქას ახალი, 8–საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს, რომელსაც დაახლოებული გადაცემათა რიცხვები აქვს. ამის წყალობით, ავტომობილი საკმაოდ დინამიურია. სრულამძრავიანი ტრანსმისია მაბრუნი მომენტით ყველა ბორბალს ამარაგებს, „ტორსენის“ დიფერენციალი კი ამ მაბრუნ მომენტს, წინა და უკანა ღერძებს შორის, 40:60 პროპორციით ანაწილებს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ახალ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ–ს აღწევს.
ახალი ძრავი საწვავის უშუალო შეფრქვევის მაღალი წნევის სისტემით, დაბალი ხახუნის მქონე საკისრებით, ტემპერატურული რეჟიმის მართვის ელექტრონული სისტემით და ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც აკუმულატორს მუხტავს. გარდა ამისა, ძრავი ცილინდრების ნაწილის გათიშვის სისტემიტაც აღიჭურვა, რაც სისტემა სტოპ–სტარტთან ერთად, მის ეკონომიურობას განაპირობებს. კომპანიის განცხადებით, ავტომობილს საწვავით ერთი სრული გაწყობით, 800 კილომეტრის გავლა შეუძლია. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი საწვავია საჭირო 100 კილომეტრის გასავლელად და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში რა რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა. თუმცა, კომპანია აცხადებს, რომ წინა მოდელთან შედარებით, საწვავის ხარჯი დაახლოებით 40 პროცენტითაა შემცირებული.
გარეგნულად, W12–ძრავიანი „კონტინენტალისგან“ V8–ით აღჭურვილი ორივე მოდელი სხვანაირი წინა ბამპერით განსხვავდება, რომელსაც შეცვლილი ჰაერის ამღებები აქვს. გამოსაბოლქვ მილს კი დაწოლილი რვიანის ფორმა აქვს. ავტომობილი 20–დუიმიან ბორბლებზე დგას, თუმცა მყიდველს ასევე 6–წკირიან, 21–დუიმიან ბორბლებსაც შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment