Thursday, August 9, 2012

პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ – „ფორდის“ ახალი იარაღი

Ford EcoSport
9 აგვისტო
იტალიურმა გამოცემა „ქვატრორუტემ“ გაავრცელა ინფორმაცია „ფორდის“ სრულიად ახალ პროდუქტზე - კომპაქტურ ქროსოვერ „ეკოსპორტზე“, რომელიც გლობალური მოდელია და პირველად ბრაზილიის ბაზარზე გამოჩნდება. იქაური პრემიერის შემდეგ, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილს ინდოეთში, ტაილანდში და სხვა განვითარებად ქვეყნებში შეიტანს.
„ეკოსპორტის“ სიგრძე 4.24 მეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2.52 მეტრი. ის „ფიესტას“ პლატფორმაზეა აგებული და რაც მთავარია, ცისფერი ოვალის ბრაზილიურმა ტექნიკურმა ცენტრმა შეიმუშავა. ავტომობილის საბარგულის მოცულობა სულ რაღაც 322 ლიტრია, თუმცა სავარძლების უკანა რიგის დაკეცვის შემთხვევაში, საბარგულის სივრცე 705 ლიტრამდე იზრდება.
პრემიერის მომენტში, ახალი ავტომობილი მხოლოდ წინაამძრავიანი იქნება, თუმცა მოგვიანებით, „ფორდი“ მის სრულამძრავიან ვერსიასაც შემოგვთავაზებს. „ეკოსპორტის“ აღჭურვილობაში შედის, სერია „ეკობუსტის“ 1.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 118 ცხენის ძალას და 160 ნიუტონმეტრს (1300-4500 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავის გამანაწილებელ მექანიზმში, ორი გამანაწილებელი ლილვი შედის, რომლებსაც დამოუკიდებლად ცვალებადი ფაზები აქვს. ამ სისტემის წყალობით, ძრავის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები უმჯობესდება.
ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, თუმცა ამერიკული კომპანია მყიდველს მალე ავტომატურ და სრულამძრავიან ტრანსმისიებსაც შესთავაზებს. 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტის“ გარდა, „ეკოსპორტი“ ასევე 1.6 და 2.0-ლიტრიანი ძრავებითაც აღიჭურვება, რომლებიც შესაბამისად, 115 და 147 ცხენის ძალას ავითარებენ.
ბრაზილიაში ამ ავტომობილს „ფორდი“ თავის კამასარის ქარხანაში გამოუშვებს. იქ მისი ფასი 53 000 რეალი იქნება, რაც დაახლოებით 21 500 ევროს ტოლფასია. გარდა ამისა, პირველ ხანებში, „ეკოსპორტს“ ტაილანდსა და ინდოეთშიც გამოუშვებენ. ამ ავტომობილის კონკურენტად ევროპაში „მერსედეს-ბენცის“ ახალი B-კლასი მოიაზრება.


ასევე წაიკითხეთ
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment