შემდგომი თაობის 1-ლი სერიის ბეემვე ოთხ ახალ ძარას მიიღებს
25 ივნისი
კრიზისის მიუხედავად, ”ბეემვე” ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების გაორმაგებას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად, ის თავისი კომპაქტური პლატფორმის განახლებას და მის ბაზაზე რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. პარალელურად, ბავარიელები აშშ-ში თავიანთი ინგლისური მარკის, ”მინის” სადილერო ქსელის გაფართოებას იწყებენ.
დღეისათვის, კომპაქტურ პლატფორმაზე (1-ლი სერია) ”ბეემვე” ავტომობილებს ორი განსხვავებული - სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით აწარმოებს. ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” ცნობით კი, შემდეგი თაობის პლატფორმაზე, რომელსაც შიდასაქარხნო ინდექსი F20 აქვს, კიდევ ოთხი განსხვავებული ძარის მქონე ავტომობილებს დაამზადებენ.
ახალ ვარიანტებში მოიაზრება კუპე და კაბრიოლეტი, უნივერსალის ტიპის GT (ალბათ 1-ლი სერიის GT) და ქროსოვერის მსგავსი ავტომობილი, რომელსაც ალბათ Y1-ს დაარქმევენ. ოდნავ მოგვიანებით, ბავარიელები როდსტერ Z2-ს და ამ ავტომობილის ბაზაზე პატარა კუპესაც გამოუშვებენ. ამ ბოლო ორი მოდელით, ”ბეემვე” კონკურენციას გაუწევს რამდენიმე ანალოგიური ტიპის ავტომობილს, რომლებსაც ”ფოლკსვაგენი”, ”პორშე” და ”აუდი”, ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალური ”ბლიუსპორტის” ბაზაზე გამოუშვებენ. ჯერჯერობით არც ისაა გადაწყვეტილი, დამზადდება თუ არა კომპაქტურ პლატფორმაზე სედანისძარიანი ავტომობილი.
შემდგომი თაობის 1-ლი სერიის ავტომობილებისთვის ძრავების ფართო გამა იქნება გათვალისწინებული. დაგეგმილია 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავის 1.3-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბომოტორით შეცვლა. თუ ასე მოხდა, ევროპაში გასაყიდი მანქანებისთვის ბენზინის ხუთი ძრავი იქნება გათვალისწინებული. ესენია: 1.3-ლიტრიანი ტურბო 136 ცხენის ძალით (116i), 1.3-ლიტრიანი ტურბო 177 ცხენის ძალით (118i), 2.0-ლიტრიანი ტურბო 218 ცხენის ძალით (120i), 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ატმოსფერული 272 ცხენის ძალით (130i) და 3.0-ლიტრიანი ტურბო ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 326 ცხენის ძალით (135i).
დიზელის ძრავების გამაში სულ სამი აგრეგატია. ესენია: 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი (118d) 150 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი (120d) 184 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი (123d) 211 ცხენის ძალით.
მომავალში, 1-ლი სერიის ავტომობილებს მოდერნიზაციას აუცილებლად ჩაუტარებს ბავარიელთა სპორტული M-დივიზიონი, რომლის მოდელებსაც ინდექსად ti მიეწერება. თუმცა, მათ შესახებ ამ ეტაპზე, არაფერია ცნობილი.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ 1-ლი სერიის ავტომობილებთან არანაირი შეხება არ ექნება ბავარიელთა ეკოლოგიურ პროექტ ”მეგასიტის”. ამ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, მისი ეგიდით შემუშავებული ავტომობილები სრულიად განსხვავებულ პლატფორმებზე დამზადდება.
დაბოლოს, 1-ლი სერიის ავტომობილებიდან ბაზარზე პირველი ხუთკარიანი ჰეჩბეკი გამოჩნდება, რომლის გაყიდვებიც 2011 წელს უნდა დაიწყოს. მას მოჰყვება სამკარიანი ჰეჩბეკი, სტანდარტული კუპე და ასე შემდეგ.
სურათებზე: ინტერნეტში პირველი სერიის კონცეპციის კომპიუტერზე შესრულებული სურათები ”ბეემვეს” ბლოგ-საიტმა გაავრცელა
No comments:
Post a Comment