Tuesday, January 18, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

18 იანვარი

ჰიუნდაი

კორეულ კომპანიას ორი სიახლე აქვს, ერთი სერიული და მეორე - კონცეპტუალური. სერიული ავტომობილი არის ასიმეტრიული კუპე ”ველოსტერი”, რომლის ასიმეტრიულობაც იმაში მდგომარეობს, რომ მძღოლის მხარეს მხოლოდ ერთი კარი აქვს, მეორე მხარეს კი - ორი.

ამ ავტომობილის წარმოება ზაფხულში უნდა დაიწყოს და მისი დინამიკური მახასიათებლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა, ახლავე ცნობილია, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 7 ლიტრი საწვავი ეყოფა.

რაც შეეხება კონცეპტუალურ მოდელს, ესაა კომპაქტური ქროსოვერი ”ქარბი”, რომელიც სახელის მიუხედავად (ქარბი ინგლისურად შეკავებას, დამშვიდებას ნიშნავს), საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება და აშკარაა, რომ ის ახალგაზრდა მყიდველისთვისაა გათვალისწინებული.

”ქარბი” გაბარიტებით ”ჰიუნდაი i35-ზე” პატარაა. ის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 175 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილი ქუროს საშუალებით, რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. გარდა ამისა, ავტომობილი სისტემა სტოპ/სტარტითაც აღიჭურვა. კომპანიის განცხადებით, ქალაქში ”ქარბის” ხარჯი 9 ლიტრს არ აღემატება, ქალაქგარეთ კი მას 7 ლიტრიც ჰყოფნის.

დაკიდევ - ამის თქმა აუცილებელია - ”ქარბის” გარეგნობაზე საუბრისას, ”ჰიუნდაის” დიზაინერმა არაშ ბადინლუმ შემდეგი განაცხადა: ”მსოფლიოს აქამდე მსგავსი ფორმების მქონე ავტომობილი არასდროს უნახავს. მისი ნახვისას, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ის არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას შთაგონებითაა შექმნილი”. ვინც არ იცის: კალატრავა თანამედროვე არქიტექტურის გრანდია...

კია

ბარემ, კიდევ ერთი კორეული კომპანიის სიახლეზეც მოგიყვებით, მითუმეტეს, ”კია” უკვე რამდენიმე წელია, ”ჰიუნდაის” საავტომობილო ჯგუფში შედის. დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტუალური KV7 მინივენისა და ქროსოვერის ერთგვარი ნაჯვარია. თუმცა, ის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თავისებურებებით გამოირჩევა. ჯერ ერთი, არ გააჩნია შუა საყრდენი, რაც ამ ტიპის ავტომობილებისთვის მეტად უცნაურია. ამას კი თავისი მიზეზი აქვს: წინა ორივე კარი ჩვეულებრივ იღება, მაგრამ უკანა კარებს ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის კონსტრუქცია აქვთ, როგორებსაც ადრე მხოლოდ სპორტულ ავტომობილებზე თუ შეხვდებოდით და ისიც, ძალიან იშვიათად.

ნეტა, ვის დაებადა ასეთი უცნაური კონსტრუქციის შემუშავების იდეა? ვის და, ”კიას” კალიფორნიული სტუდიის დიზაინერებს, რომელთა განმარტებითაც, მათი მიზანი იყო ”ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელსაც ადამიანების დიდი ჯგუფის და მათი ბარგის გადატანის უნარი ექნება. ამასთან, ყოველ მგზავრს, მულტიმედიური სისტემის ინდივიდუალურად გამოყენების საშუალება ექნება”.

რაც შეეხება აგრეგატს, ამ შემთხვევაში, მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. და მაინც, გეტყვით, რომ კონცეპტუალური მოდელი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი (ლიტრაჟის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა) ტურბოძრავით, რომელიც 285 ცხენის ძალას იძლევა. მასთან კი 6-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული.

No comments:

Post a Comment