Tuesday, January 18, 2011

”პორშე” პატარა ქროსოვერს ალბათ ჩინეთში გამოუშვებს

Porsche Considering Car Production in China

18 იანვარი

ცოტა ხნის წინ, ”პორშემ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ”კაიენზე” მომცრო ზომის უგზოობის მოდელს, სახელად ”კაიუნს” გამოუშვებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომელ ქარხანაში დაამზადებენ ამ ავტომობილს, რომელმაც ცუფენჰაუზენელებს ”კაიენზე” კიდევ უფრო მეტი მოგება უნდა მოუტანოს.

ჟურნალ ”ფოკუსთან” საუბრისას, ”პორშეს” მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ”კაიუნი” ჩრდილოეთ ამერიკაში, ან ჩინეთში გამოუშვან: ”წელს გადავწყვეტთ, სად გამოვუშვებთ ”კაიუნს”, ჩინეთში თუ ჩრდილოეთ ამერიკაში. მთავარია, რომ მას გერმანიაში შევიმუშავებთ და სად ავაწყობთ, დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს”.

დღეისათვის ”პორშეს” გერმანიის გარეთ ქარხანა არ აქვს. თავის ავტომობილებს კი შტუტგარტში და ლაიპციგში (აღმოსავლეთ გერმანია) აწარმოებს. ”კაიუნი” გერმანული კომპანიის ისტორიაში ალბათ პირველი მოდელი გახდება, რომელსაც შტუტგარტელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოუშვებენ.

სხვათა შორის, ”აუდის” და ჩინური FAW-ის ერთობლივი საწარმო უკვე უშვებს ”აუდი Q5-ს”, რომლის პლატფორმასაც ”კაიუნი” დაეყრდნობა. ეს საწარმო ქალაქ ჩანჩუნში (ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთი) მდებარეობს. ამდენად, ლოგიკურია, რომ ერთ პლატფორმაზე ბაზირებული ავტომობილებიც ერთსადაიმავე ქარხანამ გამოუშვას. ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში, ”პორშე” აშშ-ის და კანადის ვარიანტებს განიხილავს, თუმცა ფაქტია, რომ ამ ქვეყნებიდან ”აუდი Q5” არცერთში არ მზადდება.

ახალი ავტომობილის შესახებ, ჯერ არაფერია ცნობილი. თუმცა მიულერის თქმით, ის მსუბუქი და მანევრული იქნება და თავის მფლობელებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე ამ ავტომობილის გამოჩენის შემდეგ, ”პორშე” გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მიულერის თქმით, ახლო მომავალში, მისი კომპანია წლიურ გაყიდვებს 200 ათასამდე გაზრდის.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე ”პორშე” ახალ ოპოზიტურ ოთხცილინდრიან ძრავს გამოუშვებს, რომლითაც გერმანული კომპანიის მომცრო მოდელები - კუპე ”კაიმანი” და როდსტერი ”ბოქსსტერი” აღიჭურვება. ამის შესახებ, ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”პორშეს” კვლევებისა და ახალი კონსტრუქციების განყოფილების შეფმა ვოლფგანგ დურხჰაიმერმა განაცხადა.

პირველ რიგში კი ამ ძრავით სრულიად ახალი ავტომობილი - კომპაქტური როდსტერი აღიჭურვება, რომელსაც ”პორშეს”, ”ფოლკსვაგენის” და ”აუდის” ინჟინრები ერთობლივად შეიმუშავებენ. ამ ავტომობილს სამივე ბრენდით გამოუშვებენ, მათი ტოპ ვერსიები კი ახალ ოპოზიტურ აგრეგატს მიიღებენ. ამასთან, ”პორშეს” მოდელი ამ ძრავის ტურბოკომპრესორიანი, ყველაზე მძლავრი ვერსიით აღიჭურვება. სავარაუდოდ, ძრავის მუშა მოცულობა 2.5 ლიტრი იქნება, მაქსიმალური სიმძლავრე კი 360 ცხენის ძალას მიაღწევს.

No comments:

Post a Comment