Sunday, January 30, 2011

”მერსედეს ბენცმა” F-სელის მსოფლიო გარბენი დაიწყო

Mercedes-Benz F-CELL World Drive Begins

30 იანვარი

29 იანვარს 125 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კარლ ბენცმა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ავტომობილი დააპატენტა. რა ტქმა უნდა, ამ მოვლენას ”მერსედეს ბენცი” სათანადოდ აღნიშნავს და ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც 125 დღეს გასტანს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მოივლის, სამქიმიანებმა სწორედ 29 იანვარს წამოიწყეს.

გარბენში შტუტგარტული კომპანიის ჰეჩბეკ B-კლასის ბაზაზე შექმნილი, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილები (მერსედეს ბენც F-სელ) მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ორია. ჯერ ერთი, ამით ”მერსედესი” ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავს და მასთან უამრავ ადამიანს აზიარებს. მეორეც, სამქიმიანები საქმესაც არ ავიწყებენ და ასე ორიგინალურად, თავიანთი ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებას ახდენენ.

გარბენის სტარტი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა და მას არაერთი საპატიო სტუმარი ჰყავდა. გარბენის მონაწილეებს სიტყვით ”დაიმლერის” თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ მიმართა, სასტარტო გასროლის პატივი კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერგო.

”125 წელი გავიდა ავტომობილის გამოგონებიდან და ამ თარიღისთვის ჩვენ მოვამზადეთ ტექნოლოგია,რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ავტომობილის ახლიდან გამოგონება. ეს გარბენი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ინოვაციების დანერგვის მხრივ, ჩვენ ენთუზიაზმი არ დაგვიკარგავს და მინიმუმ კიდევ 125 წელი გავაგრძელებთ ამ საქმეში მოწინავეობას”, - განაცხადა ცეტშემ.

გარბენში სულ სამი ავტომობილი მონაწილეობს, რომლებიც 14 ქვეყანას, ყველანაირ კლიმატურ ზონას გაივლიან და რაც მთავარია, ერთხელაც არ გაჩერდებიან (ამას როგორ მოახერხებენ, ძნელი წარმოსადგენია). და, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ გარბენის დროს, ეკონომიურობის არაერთი რეკორდი გაუმჯობესდება.

”მერსედეს ბენც F-სელი” საწვავად წყალბადს იყენებს. წყალბადის მეშვეობით, სპეციალურ ფიჭურ ელემენტებში, ელექტროენერგია გამომუშავდება, რომლითაც ელექტროძრავი მარაგდება. ძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 290 ნიუტონმეტრი. ფიჭური ელემენტების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული გაწყობით, 400 კილომეტრი გაიაროს.

No comments:

Post a Comment