Monday, January 31, 2011

”მერსედეს ბენცი” კომპაქტური ავტომობილების ოჯახს გამოუშვებს

Mercedes-Benz Readying Baby CLS and Small SUV

31 იანვარი

იმისათვის, რომ ახალგაზრდა მყიდველი მიიზიდოს, ”მერსედეს ბენცი” ახალ კომპაქტურ პლატფორმას (MFA - მერსედეს ფრონტ-უილ-დრაიბ არქიტექჩა, ანუ მერსედესის წინაამძრავიანი არქიტექტურა) ქმნის, რომელზეც კომპაქტური ავტომობილების მთელს ოჯახს დააფუძნებს. ეს ავტომობილები კი კონკურენციას პირველ რიგში, ”ბეემვეს” შესაბამისი კლასის მანქანებს გაუწევენ.

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპის” ინფორმაციით, ამჟამად შტუტგარტელები ოთხკარიან კუპე CLS-ის მომცრო ვერსიაზე მუშაობენ, რის შემდეგაც თავიანთ ძალისხმევას იმავე პლატფორმაზე, უგზოობის მცირე მოდელის შესამუშავებლად მიმართავენ, მას კი მოგვიანებით, კაბრიოლეტი და სპორტული ქროსოვერიც მოჰყვება.

წინასწარი ვარაუდით, სამქიმიანები ამ ავტომობილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჰყიდიან. თუმცა, პირველ რიგში, ამ სიახლეებს ევროპელებს შესთავაზებენ. ამერიკაში მათ რამდენიმე თვის დაგვიანებით შეიტანენ.

კომპანიაში ახალ ოთხკარიან კუპეს ”ბეიბი CLS-ს” უწოდებენ და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ახალი პატარა ავტომობილი გარეგნულად და პროპორციებით CLS-ის მსგავსი იქნება. მისი დებიუტი 2013 წელს იგეგმება. ერთი წლის შემდეგ კი ბაზარზე ”ბეემვეს” X1-ის კონკურენტი გამოვა. ამ ავტომობილების ევროპაში გამოჩენიდან ნახევარ წელიწადში, მათ ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ.

ახალ პლატფორმაზე ასევე დაემყნობა ახალი ჰეჩბეკები, რომელმაც ორი, A და B კლასის მოდელები უნდა ჩაანაცვლოს. ამათგან პირველის დებიუტი 2012 წელსაა მოსალოდნელი. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ”მერსედეს ბენცი” ამ ავტომობილების ამერიკაში შეტანას არ აპირებს, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელობა სწრაფად რეაგირებას და მ ომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილებას აპირებს.

დაკიდევ, ახალი MFA პლატფორმას, ”მერსედესის” გარდა, მისი ფრანგი და იაპონელი პარტნიორები - ”რენო” და ”ნისანიც” გამოიყენებენ, რომლებიც მის შემუშავებაში ჩართულნი არიან. ”მერსედესის” გლობალური გაყიდვების შეფი იოახიმ შმიდტი ამბობს, რომ ”რენო-ნისანი” ახალ პლატფორმას ”ინფინიტის” მარკით ახალი კომპაქტური ოჯახის შესაქმნელად გამოიყენებს. ამასთან, იმავე ბაზაზე, ახალი ”რენო ტვინგო” და ”ნისან მიკრა” დამზადდება.

No comments:

Post a Comment