Thursday, January 13, 2011

”ფორდი” ევროპაში მეორე ადგილს ინარჩუნებს

Ford, Still Number 2 in Europe

13 იანვარი

ბოლო წლებში, ”ფორდმა” რამდენიმე შესანიშნავი ავტომობილის წარმოება დაიწყო და კიდევ უკეთესები, პრემიერამდე კარგა ხნით ადრე გააცნო საზოგადოებას, ეს ყველაფერი კი მის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება. მართალია, ამის მიუხედავად, ამერიკული კომპანია ევროპის ბაზარზე ახლოსაც ვერ მიდის ლიდერ ”ფოლკსვაგენთან”, მაგრამ სამი წელია, ძველ კონტინენტზე მეორე ადგილს არავის უთმობს და ამით საფუძვლიანადაც ამაყობს.

2009 წელს, როცა მსოფლიო ავტოინდუსტრია ღრმა კრიზისმა მოიცვა, ”ფორდი” იმ იშვიათ მწარმოებელთაგანი იყო, რომელიც პოზიციების შენარჩუნებას ახერხებდა, რაშიც ხელი სხვადასხვა გარემოებამ შეუწყო. და ისე გამოვიდა, რომ 2009 წელს უფრო მეტი ავტომობილი გაჰყიდა, ვიდრე შარშან. თუმცა, შარშანაც შეინარჩუნა ევროპის მეორე უდიდესი მწარმოებლის წოდება.

კერძოდ, შარშან ცისფერმა ოვალმა ძველ კონტინენტზე 1 279 000 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა. ევროპის 19 ქვეყნის ბაზრებზე, ამერიკული კომპანიის საერთო წილი 0.7 პროცენტით დაეცა და 8.4 პროცენტი შეადგინა. სხვათა შორის, ყველაზე ძნელი დეკემბერი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც, გაყიდვები 20 პროცენტზე მეტით შემცირდა. თუმცა, გაყიდვების კლების მიუხედავად, ”ფორდმა” ევროპაში მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა და როგორც მისი მარკეტოლოგები ვარაუდობენ, წელს გაყიდვების ზრდაა მოსალოდნელი.

”ევროპული ავტო ინდუსტრიისთვის, გასული წელი გამოწვევებით იყო აღსავსე. ადვილი ცხოვრება არც ჩვენ გვქონია. წინასწარ ვიცოდით, რომ გაყიდვები შეგვიმცირდებოდა და ბაზრის მცირე წილს დავკარგავდით, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ წინა წელს, ”ფიესტას” და ”კა-ს” გაყიდვების ზრდას, შეღავათებმა შეუწყო ხელი”, - ამბობს ”ფორდის” ევროპული შტოს მთავარი აღმასრულებელი სტივენ ოდელი.

ყველაფრის მიუხედავად, ცისფერ ოვალში წელს გაყიდვების ზრდას ელიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მალე ბაზარზე რამდენიმე ახალი მოდელი გამოჩნდება. მათ შორის, ახალი ”ფოკუსი” და ”C-მაქსი”. უფრო მეტიც, მომდევნო წლებში კომპანია 20 ახალი და განახლებული მოდელის წარმოებას დაიწყებს, რამაც გაყიდვები კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

No comments:

Post a Comment