Friday, January 7, 2011

თვალწარმტაცი არარეალური კონცეპცია ”როლს როის აპარიშნ”

Rolls-Royce Apparition Concept Is Eye-Catching

7 იანვარი

ავტოინდუსტრიას არაერთი შესანიშნავი დიზაინერი ჰყავს, რომლებიც ხშირად ისეთ არარეალურ მოდელებს ხატავენ, მათ ნამუშევარს რომ ნახავთ, იფიქრებთ, რომ ის 12 წლის ბავშვმა შექმნა. თუმცა, მათგან ზოგიერთი ისეთია, რომელიც ნახატის ბაზაზე რეალური ავტომობილის შექმნის სურვილს აღგიძრავთ. მაგალითად, ასეთია ტექსასელ დიზაინერ ჯერემი ვესტერლუნდის ექსპერიმენტული ნამუშევარი, რომელიც მან ”ბეემვეს” ამერიკულ სტუდიაში სტაჟირებისას შეიმუშავა.

ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად ”აპარიშნ”, რომელიც მხოლოდ 1:4 მასშტაბური მოდელის სახით არსებობს, ბევრი ისეთი დეტალი აქვს, რომელთა მსგავსიც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში არც გვხვდება და ალბათ არც არასდროს შეგვხვდება.

თუნდაც მისი გაბარიტები ავიღოთ - მასშტაბური მოდელის სიგრძე 1.8 მეტრია, რეალურ ზომებში კი მისი სიგრძე 7.24 მეტრი იქნებოდა. ამ პოტენციური მონსტრის სიგანეზე არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, მისი სიმაღლე 1.5 მეტრი, ბაზა კი 4.5 მეტრი უნდა იყოს. ამ ზომებით თვით ”როლს როისის” რეალური ”ფანტომიც” კი დაიკვეხნიდა...

იდეაში, ამ გიგანტის მოძრაობა 800-ცხენისძალიანმა V16 ძრავმა უნდა უზრუნველყოს, რომლის მუშა მოცულობა 6.6 ლიტრი, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 765 ნიუტონმეტრი უნდა იყოს. ძრავის მონაცემები სრულიად რეალურია. სამაგიეროდ, მსუბუქი ავტომობილებისთვის 9-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს დღეს არავინ აწარმოებს. ვესტერლუნდის კონცეპტუალური ავტომობილი კი სწორედ ასეთი ტრანსმისიით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს 24-დუიმიან ბორბლებს მიაწვდის.
მაგრამ ამ კონცეპციაში მთავარი ეს არაა. ფოტოდანაც ჩანს, რომ მთავარი ავტომობილის გარეგნობაა. რა თქმა უნდა, მას რადიატორის უზარმაზარი ბადე აქვს, რომელიც ”აპარიშნს” გრანდიოზულ იერს სძენს. სახურავი პრაქტიკულად კაპოტის გაგრძელებაა და მის არსებობას მხოლოდ პროფილში შესამჩნევი გვერდითი შუშები და მცირე რკალი მიგვანიშნებს. მაგრამ თურმე ის არც ისე პატარაა - მის ქვეშ მოთავსებული სალონი ოთხ ადამიანს იტევს. თანაც ისე, რომ ისინი კომფორტის უმაღლესი დონით არიან უზრუნველყოფილები. რაც შეეხება მძღოლს, რატომღაც მისთვის პროექტის ავტორმა რატომღაც ღია ადგილი გამოჰყო. და როგორც ჩანს, არც უამინდობაში მისი კოკპიტის დახურვის შესაძლებლობა გაითვალისწინა.

საინტერესოა, ეს ბრონტოზავრი რომელიმე პატარა ფირმამ რომ დაამზადოს, რა ფასს დაადებს მას. თუმცა, ფასს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ერთი-ორი კოლექციონერი, ვინც ამ უცნაური ქმნილების თავის ფარეხში დასაყენებლად ნებისმიერ თანხას გაიღებს...

No comments:

Post a Comment