Friday, January 7, 2011

”ოპელი” სააქციო საზოგადოება გახდა

Opel Is Now Stock Corporation

7 იანვარი

ბოლო ორი წელია, ”ოპელი” გაურკვევლობაში იყო - ”ჯენერალ მოტორსი” ჯერ მის გაყიდვას დიდი მონდომებით ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თითქოს, გერმანულ კომპანიას ახალი მფლობელი გამოუჩნდა, ამერიკულმა ავტოგიგანტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ის თავის ჯგუფში დატოვა. ახალი წლის პირველივე დღეებში კი, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ, თავად ”ჯენერალ მოტორსი”, ”ოპელიც” სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

”ჩვენი კომპანიისთვის, ეს ახალი წლის შესანიშნავი დასაწყისია. ”ოპელმა” თავისი გეგმების განხორციელებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მთელს ევროპაში 40 000 თანამშრომელი გვყავს და სააქციო საზოგადოებად გადაკეთებით, ამ რესურსის უკეთ გამოყენებას შევძლებთ. ამიერიდან, ”ოპელსაც” ზუსტად ისეთივე მმართველობა ეყოლება, როორიც ”ჯენერალ მოტორსს” ჰყავს”, - განაცხადა ”ოპელის” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ რილიმ.

”ოპელმა” ჯერ კიდევ სამი თვის წინ გამოაცხადა, რომ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას აპირებდა და რომ ეს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მის მდგომარეობაში მყოფი კომპანიისთვის, რომელსაც რესტრუქტურიზაცია ესაჭიროება. ”ოპელი” სააქციო საზოგადოებად დარმშტადტის კომერციულ რეგისტრში გატარდა. რილიმ განაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, კომპანიას ახლანდელი მმართველი სტრუქტურა შეუნარჩუნდება.

”სააქციო საზოგადოებად გარდაქმნით, ჩვენი კომპანია ახალ ცხოვრებას იწყებს. ამასთან, ეს საბაზისო მოთხოვნა იყო იმისათვის, რომ ჩვენთან დასაქმებულები რესტრუქტურიზაციის გეგმას დათანხმებოდნენ. ამიერიდან, ჩვენს თანამშრომლებს, მმართველ საბჭოში თავიანთი წარმომადგენლის შეყვანის უფლება და ამგვარად, ”ოპელის” საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ”, - დასძენს რილი.

No comments:

Post a Comment