Wednesday, February 16, 2011

„დე ტომაზო“ განახლებას იწყებს

De Tomaso Revival Unveiled

16 თებერვალი

ლეგენდარული იტალიური ბრენდი „დე ტომაზო“ აღორძინების გზას ადგას და ამ საქმეს სათავეში იტალიელი ბიზნესმენი ჯან მარიო როსინიოლო უდგას. პირველი ავტომობილი იმ სამიდან, რომელთა წარმოებასაც ეს კაცი ამ მარკით აპირებს, არის ქროსოვერი, რომელსაც კონცეპტუალური SLC-ს სახით, ჟენევის ავტო შოუზე ვიხილავთ. თუმცა, ამ მანქანის პირველი ჩვენება უკვე შედგა და მას რომმა უმასპინძლა.

სხვათა შორის, „დე ტომაზოს“ ადრე ქროსოვერი არასდროს გაუკეთებია. უფრო მეტიც, ეს კომპანია მხოლოდ სპორტული სუპერ ავტომობილების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. მაგრამ დიდი ხნის წინ, ჩაილურის წყალი დალია და ბევრს დაავიწყდა კიდეც. მაგრამ როსინიოლოს არ დავიწყებია და ხელსაყრელი მომენტი შეარჩია თუ არა, მისი გაცოცხლება გადაწყვიტა.

როსინიოლო ადრე ისეთ კომპანიებს ხელმძღვანელობდა, როგორებიც „ლანჩა“, „ტელეკომ იტალია“ და „ზანუსია“. ცოტა ხნის წინ, მან იჯარით აიღო „ფიატის“ გრულიასკოს (ტურინის მახლობლად მდებარეობს) ქარხანა, რომელიც ტურინულმა კომპანიამ არარენტაბელობის გამო გააჩერა. როსინიოლომ ამ ქარხნის გადაიარაღებისა და „დე ტომაზოს“ აღსადგენად, 116 მილიონი ევრო გამოჰყო.

„დე ტომაზოს“ ქროსოვერის ძირითად ძრავად ბენზინის 524-ცხენისძალიანი V8 შეირჩა, თუმცა როცა ამ ავტომობილის წარმოება დაიწყება, ის დიზელის 247-ცხენისძალიანი V6 აგრეგატითაც აღიჭურვება. რაც მთავარია, ავტომობილის დიზაინი ამ საქმის მაესტრომ, ატელიე „პინინფარინამ“ შეიმუშავა. ჯერჯერობით, ამაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როსინიოლო წლიურად მხოლოდ 3 000 ცალი ქროსოვერის წარმოებას აპირებს. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება კი 115 000 დოლარი იქნება. „დე ტომაზო“ მის წარმოებას მერმისს დაიწყებს. როდის დაიწყება დანარჩენი ორი მოდელის (სედანის და კუპესი) წარმოება, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, როსინიოლო ამბობს, რომ ისინი უკვე შემუშავების სტადიაშია.

No comments:

Post a Comment