Wednesday, February 16, 2011

„პორშეს“ ჟენევური სიახლე - ჰიბრიდული „პანამერა“

Porsche Panamera S Hybrid Achieves 6.8 l/100km

16 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუსთვის, „პორშეს“ რამდენიმე სიახლე აქვს მომზადებული, რომელთაგან ერთ-ერთი ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ოთხკარიანი კუპე „პანამერაა“. მართალია ამ მანქანის პრემიერა ჟენევაში ჩატარდება, თუმცა შტუტგარტულმა კომპანიამ მისი მონაცემები გამოფენამდე ორი კვირით ადრე გამოაქვეყნა.

ავტომობილის სრული სახელწოდებაა „პორშე პანამერა S ჰიბრიდ“. მისი შექმნისას, „პორშეს“ ინჟინრების მიზანს, ავტომობილის სპორტულობის შენარჩუნება და ეკონომიურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება იყო. უნდა ითქვას, რომ მათ ამოცანას საკმაოდ იოლად გაართვეს თავი, რაშიც უგზოობის ჰიბრიდული „კაიენის“ აღჭურვილობა გამოადგათ.

„პორშემ“ გამოაცხადა, რომ „პანამერა S ჰიბრიდი“ მის ისტორიაში ყველაზე ეკონომიური ავტომობილია. როცა „მიშლენის“ დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავებზე დგას, ჰიბრიდული პანამერა 100 კილომეტრის გავლას სულ რაღაც, 6.8 ლიტრი ბენზინით ახერხებს. ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 159 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. აღნიშნული საბურავები სპეციალურად ჰიბრიდული „პანამერასთვის“ შეიქმნა. მათ გარეშე კი ავტომობილს ოდნავ უარესი მაჩვენებლები აქვს. კერძოდ, 100 კილომეტრს 7.1 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომეტრზე კი 167 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი და ელექტროძრავი შედის. პირველი 333 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი - 47 ცხენის ძალას. შიდაწვის ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, ელექტროძრავებს კი ენერგიით ნიკელ-მეტალჰიდრიდული ელემენტების ბლოკი ამარაგებს.

„პორშეს“ მონაცემებით, ჰიბრიდული „პანამერა“ ადგილიდან 100 კმ/სთ აიჩქარეს 6.0 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ია. ამასთან, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 2 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. თანაც, ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 85 კმ/სთ-ია.

„პორშე პანამერა S ჰიბრიდის“ გაყიდვები ივნისში დაიწყება, მისი საბაზო ვერსია კი გერმანიაში 106 185 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment