Tuesday, February 15, 2011

ღია ბენტლი ყინულზე სიჩქარის რეკორდსმენი გახდა

Extreme Bentley Supersports Convertible Takes Speed Record on Sheet Ice

15 თებერვალი

დიდი ხანია, რალიში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ფინელმა იუჰა კანკუნენმა თავისი შლემი ლურსმანზე დაკიდა, მაგრამ დროდადრო რბოლებისკენ მაინც გაურბის გული და არც მათში მონაწილეობაზე ამბობს უარს. ახლახანს კი სიჩქარის რბოლის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა.

52 წლის იუჰამ „ბენტლი კონტინენტალ სუპერსპორტით“ ყინულზე 330.695 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და მის მიერვე ოთხი წლის წინ დამყარებული რეკორდი თითქმის 9 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. სხვათა შორის, წინა რეკორდიც მან ინგლისური კომპანიის ავტომობილით, ოღონდ „ბენტლი კონტინენტალ GT-ით“ დაამყარა.

იუჰა კანკუნენი

..............................

რა თქმა უნდა, ავტომობილი, რომელიც კანკუნენმა რეკორდის გასაუმჯობესებლად გამოიყენა, მნიშვნელოვნადაა მოდიფიცირებული. უპირველეს ყოვლისა, ავტომობილი დამცავი კარკასითაა აღჭურვილი, რომელიც მის სალონში მყოფთ დაჯახების და გადაყირავების შემთხვევაში იცავს. ავტომობილის ძარას დამატებული აქვს წინა და უკანა სპოილერები, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „პირელის“ წარმოების საბურავებითაა (სოტოზერო II, 275/40R20) შემოსილი.

სპეციალური საფენით დაიფარა წინა ფარები, ჰაერის ამღებები და რადიატორის ბადე. მოლიპულ გზაზე ავტომობილის გასაჩერებლად, მანქანას უკანა ნაწილში სპეციალური სამუხრუჭე პარაშუტი დაუყენეს, როგორსაც სამხედრო თვითმფრინავებზე იყენებენ ხოლმე.

„წინა ცდაზე, როდესაც რეკორდი კონტინენტალ GT-ით გავაუმჯობესე, მაგიურ 200 მლ/სთ-მდე ძალიან ცოტა დამაკლდა. ახლა კი, როდესაც გავიგე, რომ ბენტლის ბიჭები „სუპერსპორტსს“ ამზადებდნენ, მის საჭესთან დაჯდომა მომინდა. ამჯერად ჩემს განკარგულებაში 600 ცხენის ძალაზე მეტი, სწრაფად გადამრთველი კოლოფი და სრულამძრავიანი ტრანსმისია იყო. მოკლედ, ღია „სუპერსპორტსი“ რეკორდის დასამხობად საუკეთესო იარაღი იყო“, - განაცხადა კანკუნენმა.

რეკორდი ფინეთში, 30-გრადუსიან ყინვაში, 1000-მეტრიან გზაზე დამყარდა. გარბენს ფინეთის საგზაო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რბოლას ასევე გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირეს. როგორც რეკორდების დამყარებისასაა დამკვიდრებული, საბოლოო შედეგი ორი გარბენის დროის საშუალო არითმეტიკულით გამოვლინდა. ამასთან, ორივე გარბენი ერთიმეორის საპირისპირო მიმართულებით შესრულდა.

No comments:

Post a Comment