Tuesday, February 15, 2011

„პორშემ“ მოდელ „ბოქსსტერისგან“ ელექტრომობილი შექმნა

Porsche Unwraps Boxster E Electric Prototype

15 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუზე, „პორშეს“ ერთ-ერთი ექსპონატი, მოდელ „ბოქსსტერის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი იქნება, რომელიც გერმანული კომპანიისთვის მოძრავი ლაბორატორიის მოვალეობას შეასრულებს, მომავალში კი მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს, ცუფენჰაუზენელები თავიანთ სერიულ მოდელებზე დანერგავენ.

„ელექტრული ძალით გადაადგილება უახლოესი მომავლის გამოწვევაა და ჩვენი ინჟინრების მიზანია, ამ გამოწვევას ჩვეული ენთუზიაზმით შევხვდეთ. „ბოქსსტერ E“ ჩვენთვის მოძრავი ლაბორატორია გახდება, რომელსაც ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ, რათა მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს „პორშეს“ მთავარი აღმასრულებელი მათიას მიულერი.

„ბოქსსტერ E“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 241 ცხენის ძალაა, რითაც ის შიდაწვისძრავიანი „ბოქსსტერის“ საბაზო ვერსიის სიმძლავრესთან ახლოსაა. ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 29 კილოვატსაათია.

გერმანულ კომპანიას ჯერ „ბოქსსტერ E-ს“ ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დაახლოებით შიდაწვისძრავიანი მოდელის მსგავსი იქნება. ცნობისათვის, „ბოქსსტერ S“ 3.4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 310 ცხენის ძალას იძლევა, მისი დახმარებით კი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში ავითარებს.

„პორშემ“ ელექტრომობილების წარმოების გეგმა ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიას სათავეში მიხაელ მახტი ედგა, რომელიც ამჟამად „ფოლკსვაგენის“ წარმოების დირექტორია. ელექტრომობილების გარდა, ცუფენჰაუზენელები თავიანთი ავტომობილების ჰიბრიდული ვერსიების წარმოებასაც გეგმავენ. ამჟამად კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომობილი - „კაიენი“ შედის. მალე ბაზარზე ანალოგიური სისტემით აღჭურვილი „პანამერა“ და კონცეპტუალური „918 სპაიდერის“ ბაზაზე შექმნილი მოდელი გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment