Saturday, February 26, 2011

დი მონტეძემოლო მარკიონეზე ძვირად ფასობს

Ferrari CEO Made Twice as Much as Fiat Group CEO Sergio Marchionne

26 თებერვალი

დი მონტეძემოლო (მარცხნივ) და მარკიონე

..............................

ცნობილი ამბავია, რომ ავტოინდუსტრიის მაღალი თანამდებობის აღმასრულებლები ზღაპრულ ჰონორარებს იღებენ და ამ მხრივ, არც „ფიატ-ის“ ხელმძღვანელები არიან გამონაკლისნი, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მცირე შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ ის, რომ იტალიური საავტომობილო ჯგუფის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს გაცილებით ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჯგუფის გამორჩეული წევრის - „ფერარის“ შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს.

თავად განსაჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ფერარიმ“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხელიდან ბოლო რბოლაში გაუშვა და ისიც ხელმძღვანლობის ტაქტიკური შეცდომის წყალობით, „ფიატ-მა“ დი მონტეძემოლოს მაინც 8.7 მილიონი ევრო (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) გადაუხადა. და ეს მაშინ, როდესაც მარკიონეს ჰონორარებმა საერთო ჯამში, 3.5 მილიონი ევრო შეადგინა.

თავისი ჯამაგირის დიდი წილი, კერძოდ კი 7.549 მილიონი ევრო, დი მონტეძემოლომ „ფერარის“ ხელმძღვანელობისთვის დაიმსახურა. დანარჩენი თანხა მან იმისთვის მიიღო, რომ გასული წლის დასაწყისში, „ფიატ-ს“ ედგა სათავეში. საერთოდ, ეს პოსტი მას 2004 წლიდან ეკავა. რაც შეეხება მარკიონეს შემოსავალს, 3.05 მილიონი ევრო მას „ფიატ-ის“ მართვისთვის ერგო, დანარჩენი თანხა კი ტურინული კონცერნის შვეიცარული ბიზნესის წარმართვისთვის გადაუხადეს.

რა თქმა უნდა, „ფერარის“ მართვა გაცილებით იოლია, ვიდრე „ფიატ-ის“ უზარმაზარი ჯგუფისა. თანაც, მარკიონე უკვე „კრაისლერსაც“ ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კონცერნის დანარჩენ აღმასრულებლებს, მესამე ყველაზე დიდი ანაზღაურება „ფიატ-ის“ აღმასრულებელ ჯონ ელკანს ჰქონდა. ანიელების ოჯახის შთამომავალმა სულ 589 000 ევრო მიიღო. დანარჩენი აღმასრულებლების ჯამაგირი კი ამათთან მოსატანიც არაა - ისინი 65-95 ათას ევროს ღებულობენ.

No comments:

Post a Comment