წყარო: www.mod.gov.ge
http://www.mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1307
დღეს "ლაზიკას" - მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჯავშანმანქანით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარეს.
”ლაზიკა” არის მუხლუხებიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. ”ლაზიკას” აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 70 კმ/სთ.
" დიდგორის” მერე ეს არის მეორე მანქანა. რეალურად შინაარსობრივად, თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულების და სულ სხვა დატვირთვის მანქანა. ”დიდგორი” არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული. დღეს წარმოდგენილი ”ლაზიკა” არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება პრინციპში ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია. ბოლო ორი წელი ამაზე საკმაოდ სერიოზულად ვიმუშავეთ. ამ ამოცანის გადაჭრა ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას..." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ლაზიკის" შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ”ლაზიკა” მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.
ვიდეო
No comments:
Post a Comment