Saturday, February 26, 2011

„ვოლვო“ 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Volvo Planning to Invest $11 Billion in Five Years

26 თებერვალი

პეკინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჩინელთა ხელში გადასულმა შვედურმა კომპანია „ვოლვო ქარზმა“ თავისი ახალი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის შესაბამისადაც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 11 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამ გეგმის შესაბამისად, კომპანია ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ახალ ქარხანას ააშენებს. ამასთან, ჯერაც განიხილება ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთის ქალაქ დაქინში მეორე ქარხნის მშენებლობის საჭიროება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ვოლვო ქარ კორპორეიშნისთვის“, ჩინეთი მეორე საშინაო ბაზარია. აქ დამკვიდრებას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია, ჩვენს გეგმებში ჩინეთს პრიორიტეტული ადგილი უკავია“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა „ვოლვო ქარ კორპორეიშნის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ.

სტეფან ჯეკობი

..............................

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა. ბუნებრივია, ყველა ავტომწარმოებელი იქ დამკვიდრებას და იქაური ბაზრის რაც შეიძლება დიდი წილის მოპოვებას ცდილობს. „ვოლვოს“ შემთხვევაში, ცისქვეშეთში გააქტიურება მით უფრო მოსალოდნელი იყო, რომ მისი ახალი მფლობელი ჩინური კომპანია „ჯილია“, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შიფუც, ასევე ესწრებოდა „ვოლვოს“ პეკინურ პრესკონფერენციას. შიფუ იმედოვნებს, რომ ათ წელიწადში „ვოლვოს“ გაყიდვები 800 000-მდე გაიზრდება. და, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევაში, ჩინეთმა დიდი როლი უნდა შეასრულოს.

ჯეკობის იმედი აქვს, რომ ჩინური ქარხნის მიერ გამოშვებული ავტომობილების ყველაზე დიდი მუშტარი სახელმწიფო დაწესებულებები იქნება. და, რა თქმა უნდა, ჩინეთში წარმოებული ავტომობილები ექსპორტზეც უნდა გავიდეს. ამაში კი „ვოლვოს უსაფრთხო, უმაღლესი კლასის ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია, ძლიერ გამოადგება.

ლი შიფუ

..............................

ჯეკობი აცხადებს, რომ ჩინეთში ექსპანსიის გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს „ვოლვოს“ რეპუტაციაზე და შვედური კომპანია კვლავაც შეძლებს ევროპასა და სხვა რეგიონების ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნებას, მომავალში კი გაყიდვების გაზრდასაც.

ჩენდუს ქარხანაში მხოლოდ „ვოლვოს“ ავტომობილებს გამოუშვებენ. მისი წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილი იქნება. ქარხანა მწყობრში 2013 წელს უნდა ჩადგეს. პარარელურად, სრული დატვირთვით მუშაობას გააგრძელებს შვედეთსა და ბელგიაში მოქმედი ქარხნები.

შვედურმა კომპანიამ, რომელიც „ჯილიმ“ შარშან „ფორდისგან“ გამოისყიდა, ასევე გამოაცხადა, რომ მისი ჩინური მთავარი ოფისი და კვლევისა და პროდუქციის განვითარების, ასევე შესყიდვების დიზაინის ცენტრი, შანჰაიში განლაგდება. ამასთან, „ვოლვო ქარ ჩაინა“ და „ვოლვოს“ შვედური კვლევისა და განვითარების ცენტრი, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების შექმნაზე ერთობლივად იმუშავებენ.

„ვოლვომ“ შარშან ჩინეთში 30 500-ზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა. შვედური კომპანია იმედოვნებს, რომ ხუთ წელიწადში გაყიდვებს 200 000-მდე გაზრდის. ამისათვის კი, ქვეყანაში მისი სადილერო ქსელი უნდა გაორმაგდეს. თუ დღეს ცისქვეშეთში შვედური კომპანიის ავტომობილებს 106 დილერი ჰყიდის, მალე მათი რიცხვი 200-ს ასცდება. რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, შარშან „ვოლვომ“ მთელს მსოფლიოში 373 525 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.2 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment