Tuesday, March 29, 2011

„ბეემვე“ წლიურად 30 000 ცალ i3-ს გამოუშვებს

BMW to Sell 30,000 i3 Units Per Year

29 მარტი

i3 ტესტირების პროცესში

..............................

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ თავის ახალ სუბბრენდ i-ს პრეზენტაცია ზარ-ზეიმით ჩაატარა. მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოშვა, ვიდრე ადრე არსებობდა. გერმანულმა კომპანიამ ის კი გვამცნო, რომ ამ ახალი ბრენდით პირველ რიგში, მოდელ i3-ს გამოუშვებს.

ეს იქნება პროექტ „მეგასიტის“ პირველი რეალური შედეგი, თუმცა რა კონკრეტული გეგმები უკავშირდება ამ ავტომობილს, ჯერ უცნობია. ბავარიული კომპანიის ზოგი წქარმომადგენელი აცხადებს, რომ i-ს ბრენდით წარმოებული ავტომობილები პირველ ხანებში ლიზინგის წესით გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება პირველ სატესტო ავტომობილებთან მიმართებაში.

თუმცა, უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებაც, რომ ბავარიელებმა i3-ის გაყიდვების კონკრეტული მოცულობა დაისახეს მიზნად. კერძოდ, გლობალურ საინტერნეტო გამოცემა „ავტონიუსის“ ჟურნალისტთან საუბრისას, „ბეემვეს“გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის შეფმა იან რობერტსონმა განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილია i3-ის მასობრივი წარმოება.

ამ ელექტრომობილის მსოფლიო პრემიერა 2013 წელს იგეგმება. ჯერ ამ ავტომობილის ფასი დაზუსტებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გერმანული კომპანია წლიურად 30 000 ცალ i3-ის გამოშვებას აპირებს. ამ ავტომობილში იმ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რომლებსაც ბავარიული გიგანტი ამჟამად სატესტო ელექტრომობილებზე, მათ შორის, „აქტივE-სა“ და ელექტრულ „მინიზე“ ცდის.

„აქტივE“, რომელიც 1-ლი სერიის მოდელზეა ბაზირებული, ბავარიელებმა ახლახანს, ჟენევის გამოფენაზე გვიჩვენეს და იქვე განაცხადეს, რომ სერიული წარმოების დაწყებამდე, ამ ავტომობილზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. არსებული ავტომობილი კი ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს იძლევა (შესაძლოა, i3-ის შემთხვევაში, სიმძლავრე 150 ცხ.ძ-მდე შემცირდეს). აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრის გავლა შეძლოს. სავარაუდოდ, i3-ის შემთხვევაში, ეს მახასიათებელიც გაუმჯობესდება.

მართალია, რობერტსონი i3-ის სავარაუდო ფასს ვერ ასახელებს, თუმცა ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 40 000 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment