„ბეემვემ“ თავისი „ზვიგენი“ - მე-6 სერიის კუპე განაახლა
BMW 6 Series Coupe
30 მარტი
ჟენევის საავტომობილო შოუ შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას თავიანთი სიახლეები უჩვენონ. მათი უმეტესობა სწორედ ასე იქცევა და მათ შორისაა „ბეემვეც“, თუმცა ბავარიულმა კომპანიამ ჟენევაში ყველაფერი როდი გვიჩვენა, რაც მომზადებული ჰქონდა. ერთი სიახლე შანჰაის შოუსთვისაც შემოინახა, რომელიც აპრილში გაიმართება. ეს სიახლე კი მე-6 სერიის კუპეს განახლებული ვერსიაა.
მე-6 სერიის ახალი კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4 894 მილიმეტრი, სიგანე 1 894 მმ, სიმაღლე 1 369 მმ და ბაზა 2 855 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედთან შედარებით, 75 მმ-ით გრძელი, 39 მმ-ით განიერი და 5 მმ-ით დაბალია. ბაზა კი ასევე 75 მმ-ით დაგრძელდა. თითქმის არ შეცვლილა საბარგულის მოცულობა, რაც 460 ლიტრია.
მყიდველს მე-6 სერიის ახალი კუპეს, ჯერ მხოლოდ ორი ძრავით შესთავაზებენ. ესენია 6-ცილინდრიანი (ცილინდრები ერთ რიგშია განლაგებული) 3.0-ლიტრიანი ტურბოძრავი (ავტომობლის ინდექსი 640i) და 4.4-ლიტრიანი ტურბო V8 (650i). ორივე ძრავს წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან დაკავშირებულია 8-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურების შეცვლაც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით ხდება. გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს, ტრანსმისია უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.
3.0-ლიტრიანი ძრავი 320 ცხენის ძალას (5 800 ბრ/წთ-ზე) და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალურ მომენტს 1 300-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში ინარჩუნებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასამდე აჩქარებას 5.4 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული 250 კმ/სთ ნიშნულით. 100 კილომეტრის გასავლელად, 640i-ს 7.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 179 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
რა თქმა უნდა, უფრო მძლავრია 650i-ის V8 ძრავი. ის 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, მაქსიმალური სიმძლავრე 5 500-6 400 ბრ/წთ დაპაზონში მიიღწევა, მაქსიმალური მომენტი კი - 1 750-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში. სტანდარტული აჩქარებისთვის (0-100 კმ/სთ) ამ ვერსიას 4.9 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი ამ შემთხვევაშიც 250 კმ/სთ-ია. სამაგიეროდ, 100 კილომეტრზე ხარჯი 10.4 ლიტრამდეა გაზრდილი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 243 გრ/კმ-ია. სხვათა შორის ამაზე ოდნავ უფრო ტემპერამენტიანია 650i-ის ამერიკული მოდიფიკაცია.
No comments:
Post a Comment