Friday, April 29, 2011

რეპერმა „მაიბახ ექსელეროში“ 8 მილიონი დოლარი გადაიხადა

Rapper Birdman Buys $8M Maybach Exelero

29 აპრილი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი და ხმის ჩამწერ კომპანია „ქეშ მანი რეკორდსის“ თანადამფუძნებელი ბირდმენი (ბრაიან უილიამსი) იმითაცაა ცნობილი, რომ რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილს ფლობს. მისი „მაიბახ ლანდოლე“ მილიონნახევარი დოლარი ღირს, წითელი „ბუგატი ვეირონი“ კი - 2 მილიონი. მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო და ბირდმენმა თავის თავსაც აჯობა...

მისი ახალი სათამაშო, კონცეპტუალური „მაიბახ ექსელეროა“, რომელშიც რეპერმა 8 მილიონი დოლარი გადაიხარა. ეს ავტომობილი, რომელიც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს, შავადაა შეღებილი, თუმცა ბირდმენი მას ალბათ მის საყვარელ ფერში - წითელში გამოაწყობს.

„ექსელერო“ ორკარიანი კუპეა, რომელსაც არც ელეგანტურობა აკლია და არც უმაღლესი კლასის ლიმუზინისთვის დამახასიათებელი კომფორტი. და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, საბურავების მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ფულდას“ შეკვეთით დამზადდა. „ფულდას“ ის თავისი სპორტული საბურავების (315/25 ZR 23) სადემონსტრაციო ავტომობილი სჭირდებოდა და ასეთი „მაიბახის“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ეს საბურავები იმითაა გამორჩეული, რომ მათ 350 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარისთვის აქვთ ლიცენზია.

„ექსელერო“ ზორბა ტანის ავტომობილია, თუმცა მის სალონში მხოლოდ ორი სავარძელია. ავტომობილი აღჭურვილია V12 წყვილ ტურბოკომპრესორიანი ძრავით, რომელიც 700 ცხენის ძალას (5 000 ბრ/წთ-ზე) და 1 020 ნიუტონმეტრს (2 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 4.4 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 351 კმ/სთ-ია.

„ამ ავტომობილში, რომლის შეძენაც ძალიან მინდოდა, მათ 8 მილიონი მოითხოვეს და მეც ამ თანხის გადახდა მომიწევს“, - არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუსას განცხადა რეპერმა, რომელსაც „ფორბსის“ მონაცემებით, 100 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება აქვს. ამგვარად, პაფ დიდის, ჯეი-ზის და დოქტორ დრის შემდეგ, ის მეოთხე უმდიდრესი რეპერია.

No comments:

Post a Comment