Friday, April 29, 2011

„ძაგატო TZ3 სტრადალე“ – „დოჯ ვაიპერი“ „ალფა რომეოს“ ფორმაში

Zagato TZ3 Stradale: A Dodge Viper ACR Dressed as an Alfa Romeo

29 აპრილი

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ახალი „დოჯ ვაიპერი“ კონსტრუქციულად, „ალფა რომეოს“ შესაბამის მოდელზე დაფუძნდება, თუ „ფიატ-ის“ და „კრაისლერის“ შეფი სერჯო მარკიონე პოპულარული მასკლ ქარის გასაცოცხლებლად სხვა გზას გამონახავს. სანამ ეს ავტომობილი ბაზარზე დაბრუნდება და სანამ მის შესახებ არაფერია ცნობილი, იტალიურმა სადიზაინერო ატელიე „ძაგატომ“ კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა სახელად „TZ3 სტრადალე“, რომელიც გარეგნულად „ალფა რომეოა“, აგებულება კი სარბოლი „დოჯ ვაიპერ ACR-ის“ აქვს.

პრინციპში, „ძაგატო TZ3 სტრადალე“ სულაც არაა კონცეპტუალური. ის წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილია, თუმცა, ამას რომ ვამბობთ, სულაც არ იგულისხმება, რომ ატელიეს მისი სერიული წარმოება აქვს გადაწყვეტილი. პირიქით, ამ შესანიშნავ ავტომობილს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები შეიძენენ. უფრო კონკრეტულად კი - 9.

„TZ3 სტრადალეს“ პლატფორმა და მექანიკური კვანძები სარბოლი „ვაიპერის“ აქვს. ეს მას პროპორციებზეც ეტყობა - ამერიკული სუპერ ავტომობილივით გრძელი კაპოტი და უკან დაწეული კაბინა აქვს. ამ გრძელი კაპოტის ქვეშ უზარმაზარი, 8.4-ლიტრიანი V10 ძრავი დგას, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. საკიდარი კი სარბოლია. სამაგიეროდ, ძარა მთლიანად „ძაგატოს“ შემოქმედბაა და ის „ალფა რომეოს“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული.

ეს მეორე ავტომობილია, რომელიც „ძაგატომ“ „ალფა რომეოს“ 100 წლის იუბილეს (1910-2010) მიუძღვნა. პირველი ასეთი ავტომობილია „ალფა რომეო 8C კომპეტიციონეს“ ბაზაზე დამზადბული „TZ3 კორსა“, რომელმაც შარშან ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსი მოიგო.

სხვათა შორის, „TZ3 კორსა“ „ალფა რომეო ძაგატოს“ კოლექციონერ მარტინ კაპის შეკვეთით დამზადდა, „TZ3 სტრადალეს“ კი, როგორც უკვე ითქვა, ცხრა ცალს დაამზადებენ. მათგან პირველ სამ ეგზემპლარზე „ძაგატოს“ შეკვეთა უკვე მიღებული აქვს - პირველს „ალფა რომეოსა“ და „ძაგატოს“ ამერიკელი კოლექციონერი ერიკ კინგი მიიღებს. მეორე და მესამე ავტომობილები შესაბამისად, იაპონიასა და ევროპაში გაიყიდა.

No comments:

Post a Comment