Sunday, May 1, 2011

„დაიმლერის“ ცეტშე ჩინეთში 30-მილიონიან ბაზარს ხედავს

Daimler's Zetsche sees potential 30M car market in China

1 მაისი

შანჰაის საავტომობილო შოუს დროს, „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, ჩინური ბაზრის მოცულობა წლიურად 20-30 მილიონ ავტომობილამდე გაიზრდება. ამასთან, ლუქსის კლასის ავტომობილების სეგმენტი უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება, ვიდრე მთლიანად ცისქვეშეთის ბაზარი.

„მერსედეს ბენცის“ ჩინური შტოს მთავარი აღმასრულებელი კლაუს მაიერი ამბობს, რომ ხუთ წელიწადში მისი კომპანია გაყიდვებს გააორმაგებს (300 000-მდე გაზრდის). ამასთან, „ძალიან მალე“, სამქიმიანები ჩინეთში ელექტრული „სმარტების“ გაყიდვასაც დაიწყებენ. მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, იზრდება მდიდარ ადამიანთა რიცხვი, რასაც შესაბამისად, ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვების ზრდა მოსდევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზრის პრემიუმ სეგმენტში „მერსედეს ბენცი“ ერთ-ერთი ლიდერია - მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იქ უკვე 43 991 ავტომობილი გაჰყიდა. ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 86 პროცენტით მეტია. უფრო მეტი, 58 506 ავტომობილი აქვს გაყიდული „ბეემვეს“, თუმცა მისი გაყიდვების ზრდა ოდნავ უფრო მოკრძალებულია (71 პროცენტი). გერმანული პრემიუმ ბრენდებიდან ყველაზე მეტი, 64 122 ავტომობილი აქვს გაყიდული „აუდის“, თუმცა მისი გაყიდვების ზრდა მხოლოდ 25 პროცენტია.

სამივე გერმანული კომპანია წელს იმაზე მეტი ავტომობილის გაყიდვას იმედოვნებს, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. კერძოდ, „აუდის“ გაყიდვების 11-პროცენტიანი ზრდა აქვს ნავარაუდები, „მერსედესის“ შესაბამისი პროგნოზი 15 პროცენტია, ბავარიელებს კი პროგნოზი არ დაუზუსტებიათ, თუმცა ორნიშნარიცხვიან ზრდას ვარაუდობენ.

No comments:

Post a Comment