Sunday, May 1, 2011

„ნეორა“ - ტაივანური ელექტრომობილი

Luxgen shows Neora EV concept

1 მაისი

ტაივანური საავტომობილო კომპანია „ლუქსგენი“ ალბათ თავის ქვეყანაშიც ბევრისთვის უცნობია. ის ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მხოლოდ ორ ავტომობილს - მინივენ „ლუქსგენ7 MPV-ს“ და ქროსოვერ „ლუქსგენ7 SUV-ს“ უშვებს. ახლა კი სედანის წარმოების დაწყებაც გადაუწყვეტია, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც შანჰაის ავტო შოუზე წარადგინა.

სახელი „ნეორა“ ახალ ერას ნიშნავს და როგორც ჩანს, ამ ავტომობილით, ტაივანურ კომპანიას ახალი ცხოვრების დაწყება აქვს გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით კი პირველი ნაბიჯი სწორედ სედანი „ნეორა“ იქნება, რომლის ბაზაზეც მალე ალბათ სხვა ტიპის ავტომობილებსაც ვიხილავთ.

„ლუქსგენ ნეორა“ ორიგინალური გარეგნობით არ გამოირჩევა. სილუეტით ის ერთდროულად ორ ავტომობილს - „ოპელ ამპერას“ და „ჰიუნდაი სონატას“ მლგაგონებთ. თუმცა, ინდივიდუალური ნიშნებითაც (თუნდაც ელეგანტური არ იყოს) გამოირჩევა. ასეთია მისი რადიატორის ბადე, რომელშიც კომპანიის ზორბა ლოგო ჩამჯდარა, ვიწრო ოთხკუთხა ფარები და მშვილდის ფორმის სახურავი, რომლის წყალობითაც, სედანი კუპეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ლუქსგენის“ კონცეპტქარი ელექტრომობილია. ოღონდ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონვეიერზე დადგომის შემდეგაც, ასეთად დარჩება. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 241 ცხენის ძალას აღწევს, მას კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 48 კილოვატსაათია. მათი წყალობით, „ნეორა“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 6.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულითა შეზღუდული.

„ლუქსგენი“ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა დროა საჭირო აკუმულატორების სრულად დასამუხტად. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ ნელ რეჟიმში მოძრაობისას (40 კმ/სთ), ის დაახლოებით 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. ამასთან, სულ ერთი საათია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით შეივსოს.

ტაივანური კომპანია ჯერჯერობით არ აზუსტებს, თუ როდის დაიწყება „ნეორას“ სერიული წარმოება. სამაგიეროდ, შანჰაიში გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილს, ტაივანის გარდა, აზიის სხვა ქვეყნებშიც (პირველ რიგში, ალბათ ჩინეთში) გაიტანენ.

No comments:

Post a Comment