Sunday, May 1, 2011

კონცეპტუალური ქროსოვერი SXC - პირველი ჩინური „პეჟო“

Peugeot Unveils China-Designed SXC Crossover Study

1 მაისი

ჩინური საავტომობილო ბაზარი მსოფლიოს ლიდერი გახდა და ზრდას განაგრძობს. ბუნებრივია, ეს გარემოება, იქ დიდ ავტომწარმოებლებს ისე იზიდავს, როგორც თაფლი ფუტკარს. ჩინეთში დამკვიდრებაზე ხომ მათი მომავალი კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული. ასეთ კომპანიებს შორისაა „პეჟოც“, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ ცისქვეშეთში თავის უახლეს სედან 508-ს შეიტანს. თუმცა, შანჰაის ავტო შოუზე, ფრანგული კომპანიის სტენდზე კიდევ ერთი საინტერესო ექსპონატი იდგა.

ესაა კონცეპტუალური ქროსოვერი SXC, ავტომობილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ჩინური ბაზრისთვის, „პეჟოს“ ჩინელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. მისი აბრევიატურაც ჩინურია - SXC შანჰაი ქროს კონცეპტს ნიშნავს. დაკიდევ, ლომები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ჩინელი მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შემუშავებული.

მისი დინამიური იერი ნუ მოგატყუებთ - გაბარიტების გათვალისწინებით, ავტომობილი ნამდვილი ბრონტოზავრია. მისი ზომებია: სიგრძე 4 870 მილიმეტრი, სიმაღლე 1 610 მმ, სიგანე 2 035 მმ. ბორბლებს შორის ბაზა კი 3.0 მეტრს აღწევს. შედარებისთვის, „ბეემვეს“ სპორტულ ქროსოვერ X6-ის სიგრძე 4 877 მილიმეტრია.

SXC „პეჟოს“ ახალ კორპორატიულ (ჯერაც კონცეპტუალურ სტადიაში მყოფ) სტილშია შესრულებული. ამასთან, მასში თავმოყრილია როგორც უგზოობის მოდელების, ასევე სედანებისთვის და სპორტული მოდელებისთვის დამახასიათებელი ელემენტები. ახალი სტილი განსაკუთრებით, ავტომობილის წინა ნაწილში შეინიშნება. რადიატორის ბადეს ამობრუნებული ტრაპეციის ფორმა აქვს, მის ზედა კიდეებში კი წვრილი ფარები იწყება და წინა ფრთებზე გადადის. რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს უკანა გაბარიტული ფარები, რომლებსაც ზედმეტად მოღუნული ბუმერანგის მოყვანილობა აქვს. 22-დუიმიანი ბორბლებით და დაბერილი ფორმებით, SXC ნამდვილი სპორტსმენია და თუ ის კონვეიერზე დადგა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავარიულ X6-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

შიგნიდან SXC ტიპიური კონცეპტუალური ნამუშევარია - სალონში გაფორმების ბევრ ისეთ ელემენტს ნახავთ, რომლებსაც კონვეიერამდე არავინ მიუშვებს. მაგალითად, მძღოლის სამუშაო ადგილი ისეა მოწყობილი, სარბოლი მანქანის კოკპიტის მსგავსი რამ გეგონება. სალონი მაღალი გვირაბითაა გატიხრული და კოკპიტის შთაბეჭდილებას ესეც ტოვებს. ოთხი ინდივიდუალური სავარძელი კი კომფორტულობაზე მიგვანიშნებს. მაჩვენებლების დაფა კი ისეა გაწყობილი, იფიქრებ, რომ ეს მანქანა (ან იქნებ, საფრენი აპარატიც) ფანტასტიკური ფილმისთვის არისდ შექმნილი.

რაც შეეხება ავტომობილის ძალურ აღჭურვილობას, მბიძგველ ძალას მას „ჰაიბრიდ4“ სისტემა ანიჭებს, რომელიც ლომებს სხვა კონცეპტუალურ ავტომობილებზეც გამოუყენებიათ. მასში შედის როგორც შიდაწვის აგრეგატი - 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 218 ცხენის ძალას ავითარებს და რომელიც წინა ბორბლებს აბრუნებს, ასევე ელექტროძრავიც (95 ცხ.ძ), რომელიც უკანა ბორბლებთანაა დაკავშირებული. „პეჟო“ ირწმუნება, რომ ამ სისტემით, ეს უზარმაზარი მანქანა ას კილომეტრს 5.8 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 143 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

შანჰაიში გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ამ ორ ძრავს ერთდროულად მუშაობა შეუძლია და ამ შემთხვევაში, ავტომოილი სრულამძრავიანი იქნება. ამასთან, როცა გადაადგილების სიჩქარე დაბალია, მაშინ მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობაც შეიძლება. ამგვარად, ქალაქის გადატვირთულ გზებზე მოძრაობისას, ნაკლები საწვავი იხარჯება. თუმცა, რა მანძილზე გაქაჩავს მარტო ელექტროძრავი, ამაზე ლომები სდუმან.

No comments:

Post a Comment