Thursday, May 26, 2011

„ჰიუნდაი-კია“ მალე ამერიკაში მესამე უდიდესი გახდება

Hyundai-Kia will surge past Honda and Toyota in May

26 მაისი

ვერც საწვავის ფასების ზრდა, ვერც გლობალური ეკონომიკური კრიზის და ვერც სხვა კატაკლიზმები, „ჰიუნდაის“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ ვერ აფერხებს. გაგანია კრიზისის დროს, კორეული საავტომობილო გიგანტი, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა, ახლა კი, ამერიკის ბაზარზე, მაისში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. და უკან თვით „ტოიოტაც“ კი ჩამოიტოვა, კომპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, „ჯენერალ მოტორსის“ ლიდერობასაც (აშშ-ში) კი ემუქებოდა.

ავტოინდუსტრიის ანალიტიკაზე სპეციალიზებული ვებ-გვერდი „ტრუქარ“ გვამცნობს, რომ მაისის გაყიდვების მიხედვით, „ჰიუნდაი“ „ტოიოტას“ და „ჰონდას“ სჯობნის. ვებგვერდის მონაცემებით, კორეელები მაისში 115 000-ზე მეტ ავტომობილს გაჰყიდიან, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 43.4-პროცენტიანი ზრდა იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ „ჰიუნდა-კიას“ წყვილი აშშ-ის ბაზრის 10.9 პროცენტს დაიკავებენ. ამაზე მეტი წილი კი „ფორდს“ და „ჯენერალ მოტორსს“ ეკუთვნით.

ვებგვერდის ანალიტიკოსი ჯესი ტოპრაკი წერს, რომ „ჰიუნდაი-კიას“ დაწინაურებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ იაპონელებს მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, გაყიდვები შეუმცირდათ. გარდა ამისა, მათ წამახალისებელი სამარკეტინგო საქმიანობაც შეჩერებული აქვთ. ტოპრაკის თქმით, კორეულ გიგანტს გაუმართლა იმ მხრივ, რომ „ტოიოტა“ და „ჰონდა“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კორეელები „გამოთავისუფლებულ“ მყიდველს ზუსტად ისეთ პროდუქტს სთავაზობენ, როგორის შეძენაც მათ სურთ.

იმავე ვებგვერდის მიერ მოპოვებული მონაცემებით, „ჰონდას“ მაისის გაყიდვები დაახლოებით 20 პროცენტით, 92 000-მდე შემცირდება, „ტოიოტასი“ კი - 32 პროცენტით, ანუ 109 000-მდე. მაისის მონაცემებით, გასაშუალოებული წლიური გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე 11.9 მილიონს მიაღწევს, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.6) მეტია, თუმცა გაცილებით ნაკლებია აპრილის გასაშუალოებულ მაჩვენებელზე (13.2 მილიონი).

ტოპრაკი თვლის, რომ იაპონური კომპანიების გასაჭირი კვლავაც გაგრძელდება, თუმცა ივნისში ისინი შეძლებენ შეკვეტების უკეთ დაკმაყოფილებას და სავარაუდოდ, გაყიდვებიც გაეზრდებათ, თუმცა დაკარგული პოზიციების დაბრუნება მაინც ძალიან გაუჭირდებათ. და თუ იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ „ჰიუნდაი“ თავის მყიდველებში ლიოალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სავარაუდოა, რომ იაპონური კომპანიებიდან წამოსულ მყიდველთა უმეტესობა, შემდეგ ავტომობილსაც კორეული კომპანიისგან შეიძენს...

No comments:

Post a Comment