Thursday, May 26, 2011

„ვოლვო“ რევოლუციურ მქნევარიან კერს-ს ქმნის

Volvo Working on Revolutionary Flywheel KERS

26 მაისი

შვედური საავტომობილო კომპანია „ვოლვო“ ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეს ამზადებს. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება იმ განცხადების მიხედვით, რომელიც კომპანიამ გაავრცელა. ლაპარაკია უახლეს, მქნევარიან კერს-ზე )კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა), რომლის წყალობითაც, ოთხცილინდრიან ძრავს ექვსცილინდრიანის ძალის გამომუშავება შეუძლია და იმავდროულად, საწვავის ხარჯს 20 პროცენტით ამცირებს.

თავისი ინოვაციის სრულყოფისა და ტესტირებისთვის, „ვოლვომ“ შვედეთის ენერგეტიკის სააგენტოსგან მილიონი დოლარი მიიღო. ჩატარებული სამუშაოს შედეგად შეიქმნა ახალი ტიპის კერს-ი, რომლის ტესტირებაც შემოდგომაზე დაიწყება, შემდეგ კი მას სერიულად გამოუშვებენ.

მაგრამ რა არის რევოლუციური სისტემაში, რომლის მსგავსიც, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ფორმულა ერთის ბრიტანულმა გუნდმა „უილიამსმა“ შეიმუშავა? სხვათა შორის, „უილიამსმა“ მის გამოყენებაზე მალე უარი თქვა და მიმდინარე სეზონში, ენერგიის დასაგროვებლად, ისიც აკუმულატორებს იყენებს.

„ვოლვო“ კი თავისი სისტემის მუშაობის პრინციპს მარტივად განმარტავს: სისტემა წამყვან ღერძზე ზის, მისი მქნევარას ბრუნთა რიცხვი კი წუთში 60 000-ს აღწევს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მანქანა ნელდება. როგორც კი მრბოლი მუხრუჭებიდან ფეხს აიღებს და აჩქარებას დაიწყებს, მქნევარა დაგროვილ ენერგიას წამყვან ღერძს უბრუნებს, რისთვისაც სპეციალურ სატრანსმისიო კვანძს იყენებს.

დამუხრუჭების პროცესში, შიდაწვის ძრავა გათიშულია, კერს-ში დაგროვილი ენერგია კი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ეს ძრავა მცირე ხნით გამორთული მაშინაც იყოს, როდესაც მანქანა აჩქარებას დაიწყებს. კერს-ის დახმარებით, ავტომობილი დაბალის სიჩქარით მოძრაობას, შიდაწვის აგრეგატის გარეშე შეძლებს. დროის მცირე მონაკვეთებში, კერს-ს ავტომობილისთვის დამატებით 80 ცხენის ძალის მინიჭება შეუძლია, საწვავის მოხმარებას კი, სისტემა სტარტ-სტოპთან ერთად, 20 პროცენტით ამცირებს.

„ჩვენი მიზანი ისეთი კომპლექსური სისტემის შემუშავებაა, რომელიც კინეტიკური ენერგიის მაქსიმალური რეგენერაციის საშუალებას მოგვცემს. მალე ამ სისტემას ჩვენს სატესტო ავტომობილზე დავამონტაჟებთ და მის ტესტირებას შევუდგებით. ამ ტექნოლოგიას, საწვავის მოხმარების თითქმის 20 პროცენტით შემცირების პოტენციალი აქვს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლის განკარგულებაში დამატებითი ცხენის ძალებია, რისი წყალობითაც, ოთხცილინდრიანი ძრავი ისეთივე სიმძლავრეს იძლევა, რამდენსაც ექვსცილინდრიანი მოგვცემდა“, - ამბობს „ვოლვოს“ ძრავების საინჟინრო განყოფილების ვიცე პრეზიდენტი, დერეკ ქრაბი.

No comments:

Post a Comment