Thursday, June 30, 2011

„ჰიუნდაი“ წლის საუკეთესო ავტომწარმოებელია

WHICH? MAGAZINE NAMES HYUNDAI AS ‘BEST CAR MANUFACTURER’
30 ივნისი
პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა „ვიჩ?“, წლის საუკეთესო საავტომობილო კომპანიის წოდება „ჰიუნდაის“ მიანიჭა. კორეულმა კომპანიამ ისეთ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, როგორებიცაა „ბეემვე“, „მაზდა“, „შკოდა“ და „ტოიოტა“.
ჟურნალი „ვიჩ?“ ყველა ტიპის პროდუქციის მომხმარებელთა მრჩეველი გამოცემაა, რომელსაც 650 000 მუდმივი მკითხველი ჰყავს. ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გამოცემაა და მომხმარებელთა ინტერესების სადარაჯოზე დგას. ამასთან, მყიდველს საჭირო რჩევებითაც ამარაგებს.

„ვიჩ?-ის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, „ჰიუნდაის“ ავტომობილების მფლობელთა 82-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მისი ავტომობილი გამძლე და საიმედოა, 84 პროცენტის აზრით კი მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც კორეული ავტომობილი შეიძინეს. გარდა ამისა, ჟურნალის ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა „ჰიუნდაის“ ავტომობილების კონკურენტუნარიანი ფასები და 5-წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის პერიოდშიც, ავტომობილის გარბენი მხედველობაში არ მიიღება. ჩატარებული ტესტების შედეგად კი, ჟიურიმ კორეული კომპანიის ორ მოდელს - i20-ს და i30-ს (შესაბამისად, ზედა და ქვედა ფოტოებზე) „საუკეთესო“ შენაძენის სტატუსი მიანიჭა.
„იმისათვის, რომ კომპანიამ ჩვენი გამოცემისგან აღიარება დაიმსახუროს, ის მყიდველს არამხოლოდ შესანიშნავ პროდუქციას და სერვისს უნდა სთავაზობდეს, არამედ მყიდველისგან საუკეთესო შეფასებასაც უნდა იმსახურებდეს და თავის ღირებულებას შეესაბამებოდეს. „ჰიუნდაი“ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს და გარდა ამისა, ძალიან მომხიბვლელი საგარანტიო პირობები და ღირებულების შესაფერისი ფასები აქვს“, - ამბობს გამოცემა „ვიჩ?-ის“ მთავარი აღმასრულებელი პეტერ ვიკარი-სმიტი.
კორეული კომპანიის ბრიტანული შტოს მმართველმა დირექტორმა ტონი უაითჰორნმა განაცხადა, რომ მისი კომპანია წელსაც გაგრძელებს თავის მყიდველზე ზრუნვას. ამასთან, ბაზარზე რამდენიმე ახალი მოდელი გამოჩნდება, რომლებიც „ჰიუნდაის“ პოზიციებს გაამყარებენ. ესენია უნივერსალი i40, 1+2 ადგილიანი კუპე „ველოსტერი“ და სედანი i40. მისი თქმით, ამ ავტომობილების მყიდველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ კორეული კომპანია მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და რომ მისი ავტომობილების აღჭურვის დონე და ხარისხი სულ უფრო მაღალ საფეხურებზე ადის.

No comments:

Post a Comment