Thursday, June 30, 2011

„ბეემვე i8“ ფილმში „მისია შეუსრულებელია 4 - აჩრდილის ოქმი“

BMW i8 Featured in Mission Impossible: Ghost Protocol
30 ივნისი
მომენტი ტრაილერიდან (მუმბაი)
ტომ კრუზი ისევ შეუსრულებელ მისიას ასრულებს, უკვე მეოთხედ. პრემიერამდე, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, ჩვენ ვერ გავიგებთ, რას ნიშნავს „აჩრდილის ოქმი“ (ფილმის სახელია), მაგრამ უკვე გავიგეთ ის, რაც ავტომოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებს - ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს „ბეემვეს“ ახალი, ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, i8 ასრულებს. და საერთოდ, ბავარიული კომპანიის მანქანებს ამ ფილმში ხშირად ნახავთ.

„აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ჰოლივუდის კიდევ ერთ ბლოკბასტერში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა“, - ამბობს „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი, გაყიდვებისა და მარკეტინგის საქმეთა დეპარტამენტის შეფი იან რობერტსონი.
მუმბაიში, ტესტირებისას
ახალი ავტომობილი ტრაილერში სულ 3-5 წამით ჩანს. თუმცა ეს გამოჩენა, ბავარიული კომპანიის ისტორიაში, ახალი ეპოქის დასაწყისის მანიშნებელია. ეპოქისა, რომელიც „ბეემვეს“ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებლად წარმოაჩენს. 
მოკლედ გაგაცნობთ ავტომობილს, რომელიც კონცეპტუალური „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ სახელით, ბავარიელებმა ორი წლის წინ, ფრანკფურტის ავტო შოუზე პირველად გვიჩვენეს. მისი სერიული ვერსია კი ბაზარზე ალბათ ორ წელიწადში გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ რა აღჭურვილობა ექნება i8-ს. თუმცა, ინტერნეტში მისი სავარაუდო მონაცემები უკვე გავრცელდა:
ბეემვე ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი
ჰიბრიდულ დანადგარში ელექტროძრავი და დიზელის აგრეგატი შევა, მისი ჯამური სიმძლავრე კი 328 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილი სტანდარტულ აჩქარებას 4.8 წამში მოასწრებს, 100 კილომეტრის გასავლელად კი მას 3.76 ლიტრი საწვავი ეყოფა. ავტომობილის სავარაუდო ფასი 200 000 დოლარი იქნება.
სხვათა შორის, i8-ს სატესტო ვერსია რამდენიმე თვის წინ, მუმბაისა და დუბაიში ფოტო-მსტოვრებმა გადაიღეს. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ის მხოლოდ ტესტირებისთვის იყო იქ. მაგრამ ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადაღებებზე ყოფილა. მოკლედ, ბაზარზე გამოსვლამდე, ეს მანქანა ჰოლივუდის ვარსკვლავი ხდება...

No comments:

Post a Comment