Saturday, June 4, 2011

„მინი“ „ბენტლის“ სტილის ინტერიერით
MINI Goes All Bentley in Vilner's Latest Tuning Project
4 ივნისი
სად „მინი“ და სად „ბენტლი“? ეს ორი ავტომობილი ზომითაც და დანიშნულებითაც ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. მართალია, „ბეემვეს“ წყალობით, „მინი“ დღეს პრემიუმ ბრენდად მოიაზრება, მაგრამ უზარმაზარ, ლუქსის კლასის „ბენტლისთან“ საერთო მაინც არაფერი აქვს. ყოველ შემთხვევაში, მანამ არ ჰქონდა, სანამ ბულგარულმა სატუნინგო კომპანია „ვილნერ სტუდიომ“ ყველაფრის თავდაყირა დაყენება მოისურვა.
„ვილნერმა“ თავის შედევრს „დი იტალიან ჯობ“ დაარქვა. ეს სახელი გეცნობათ? ასე ამერიკულ სათავგადასავლო ფილმს ეწოდება, რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც „ძარცვა იტალიურად“. ლოგიკურად, ბულგარელებს თავიანთი ნამუშევრისთვის, სახელად „მინი ინსპაირდ ბაი ქრიუ“ უნდა დაერქმიათ, როგორც ეს „ბეემვემ“ გააკეთა, როცა „მინი კუპერის“ სალონი „როლს როისის“ სტილში მოაწყო და იმ მანქანას „მინი ინსპაირდ ბაი გუდვუდ“ უწოდა (ქრიუ ბენტლის ქალაქია, გუდვუდი კი - როლსისა). მაგრამ „მინი“ და „როლს როისი“ ბავარიელთა ჯგუფში შედის, „ბენტლი“ კი, რომელიც ერთ დროს „როლს როისის“ ნათესავი იყო, ახლა „ფოლკსვაგენის“ დიდი ოჯახის წევრია.

„ვილნერის“ ნამუშევრის მთავარი თავისებურება, პატარა ავტომობილის „ბენტლის“ სტილში, მდიდრულად გაწყობაა. ინტერიერში გამოყენებულია ყავისფერი და შავი ძვირფასი ტყავი ნაპა, რომელსაც „ბენტლი“ თავისი ავტომობილებისთვის იყენებს. ასე განსაჯეთ, სავარძლებზე, კარის შიდა მხარეზე და ჭერზე გადაკრული ყავისფერი ტყავი ისეა დალიანდაგებული, რომ რომბულ ფიგურებს ქმნის, რაც ასევე „ბენტლის“ სტილია.
ტყავის გარდა, უხვადაა გამოყენებული ალკანტრა, რომელიც ჭერის ნაწილს, მაჩვენებლების დაფასა და სავარძლებს შორის გვირაბს ფარავს, ძირზე კი ფაფუკი ქეჩაა დაგებული. მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ამოიცნობთ პლასტიკური მასისგან დამზადებულ პატარა დეტალებს. თუმცა, ამოცნობას ის გარემოება ართულებს, რომ ეს დეტალები ქრომირებულია.
ავტომობილის ძარა, ღია რუხი მქრქალი საღებავითაა შეღებილი, სახურავი კი შავი მქრქალია. შავადვეა შეღებილი ავტომობილის ზოგიერთი დეტალიც, მათ შორის ბორბლები. შავი ორი ზოლი ავტომობილის კაპოტსა და საბარგულსაც გასდევს, რაც მას სპორტულ იერს ანიჭებს.
და რა ღირს „იტალიან ჯობ“, რომელიც გარედან თითქოს ჩვეულებრივი „მინია“, შიგნიდან კი „ბენტლისგან“ ვერაფრით განასხვავებთ? ამის თაობაზე ჯერჯერობით ბულგარული ატელიე სდუმს. იქნებ, ეს ერთჯერადი გასართობი იყო და მისი წარმოება არც იგეგმებოდა...

No comments:

Post a Comment