Sunday, June 5, 2011

ლიმუზინი, კაბრიოლეტი და იახტა ერთდროულად...
This is what Happens when a Limousine, Convertible and Yacht Meet
5 ივნისი

თანამედროვე, უაღრესად გადატვირთულ საავტომობილო ბაზარზე, აუთვისებელი სეგმენტები პრაქტიკულად აღარ დარჩა. თუმცა, დიზაინერების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. კონცეპტუალურ დონეზე ისინი არაერთ ისეთ ავტომობილს ქმნიან, რომელთა მსგავსსაც ქვეყნად არსად არავინ უშვებს.
ასეთი დიზაინერები მუშაობენ შვედურ ატელიე „გრეი დიზაინში“, რომელიც სულ ახლახანს, საავტომობილო სამყარომ, „სააბის“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილის საშუალებით გაიცნო. და შვეიცარიულ „სბაროში“, რომლის დიზაინერებსაც ფანტაზია არ ელევათ და თითქმის ყოველწლიურად, უჩვეულო კონცეპტუალურ ავტომობილებს ამზადებენ.

მდიდრული იახტების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია „სტრანდ კრაფტმა“ ახლახანს თავისი ახალი ქმნილების - „ლიმუზინ ბიჩ კრუიზერის“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა. ეს არის მანქანა, რომელიც რაღაც შუალედურია ლიმუზინს, კაბრიოლეტსა და იახტას შორის. „სტრანდ კრაფტი“ ხომ იახტების წარმოებაზეა დახელოვნებული და თავისი გაწაფულობა ამ მანქანაშიც ჩააქსოვა.
„სტრანდ კრაფტის“ რელიზში წერია, რომ ეს ავტომობილი ლუქსის კლასის სასტუმროებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თავის კლიენტს უმაღლესი დონის მომსახურებას სთავაზობენ. უფრო კონკრეტულად, ამ სანაპირო შატლით, 6 ადამიანის უახლოეს პლაჟზე სწრაფად და მაქსიმალურად კომფორტულად გადაყვანაა შესაძლებელი.

თუ ამ საგზაო იახტის ფოტოებს დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ის მხოლოდ იმ მზიან მხარეებში ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი. უკანა საყრდენი და სახურავი, რომელიც მგზავრთა სურვილის შემთხვევაში იხსნება, სწორედ „ლიმუზინ ბიჩ კრუიზერის“ და იახტის ნათესაობაზე მიუთითებს. სავარძლების მესამე რიგი, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებას გასცქერის. მეორე და მესამე რიგებს შორის კი პატარა ადგილია, სადაც ხელბარგის მოთავსება შეიძლება. სალონში ძვირფასი ტყავი დომინირებს, საშუალო და მცირე ზომის დეტალები ალუმინისაა და ქრომითაა გაწყობილი, მაჩვენებლების დაფაზე, საათების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „ბრეიტლინგის“ მიერაა დამზადებული, მათში კი „სვაროვსკის“ კრისტალებია გამოყენებული.
რა თქმა უნდა, სანამ სასტუმროდან პლაჟს მიაღწევენ, მგზავრებს გართობაც დასჭირდებათ. ამ საქმეს კი „ნაიმის“ წარმოების 15-სპიკერიანი საუნდ სისტემა და 1 100-ვატიანი აუდიოსისტემა ემსახურება. მთელი ეს ავლა-დიდება, როცა რბილი სახურავი გახსნილია, ისეთ ეფექტს ქმნის (რატომ არ უნდა ვენდოთ მწარმოებელს?), თავი ღია საკონცერტო დარბაზში გეგონებათ...
დაბოლოს, ავტომობილი „შევროლეს“ წარმოების 6.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია „ჰალდექსის“ წარმოების სრულამძრავიანი ტრანსმისია. ამ ტანდემის დახმარებით, საგზაო იახტა მაქსიმუმ 220 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
ზემოთ ახალი ნიშა ვახსენეთ - „ლიმუზინ ბიჩ კრუიზერი“ სწორედ ახალი ნიშის პიონერად შეიძლება ჩავთვალოთ, ნიშისა, რომელშიც ავტომობილები მხოლოდ იმ მყიდველებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მდიდრული სასტუმრო(ები) ეკუთვნით. შესაბამისად, ეს ნიშაც შედარებით მცირეა, თუმცა ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილი. და რა დაუჯდებათ მათ „ლიმუზინ ბიჩ კრუიზერის“ შეძენა? ამაზე შვედური კომპანია არაფერს ამბობს - ეს ინფორმაცია მაინც ჩვენთვის არაა განკუთვნილი...

No comments:

Post a Comment