Saturday, June 4, 2011

„მერსედესმა“ წყალბადოვანი B-კლასის მსოფლიო გარბენი დაასრულა
Mercedes-Benz F-Cell World Drive successfully completed
4 ივნისი

„მერსედეს ბენცმა“ წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი B-კლასის ჰეჩბეკებით (B-კლას F-სელ) მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაასრულა. ავტომობილებმა სტარტი ქალაქ შტუტგარტში აიღეს და ოთხი კონტინენტის 14 ქვეყანაში იმოგზაურეს. საერთო ჯამში, მათ საკუთარი სვლით 30 000 კილომეტრზე მეტი განვლეს და უჩვეულო მოგზაურობა შტუტგარტშივე, „მერსედეს ბენცის“ მუზეუმის მახლობლად დაასრულეს.
მოგზაურობის დასაწყისში, წყალბადოვანმა ქარავანმა, რომელშიც სულ სამი ექსპერიმენტული ავტომობილი შედიოდა, გეზი სამხრეთისკენ აიღეს და პარიზი, ბარსელონა, მადრიდი და ლისაბონი გაიარეს. შემდეგ კი მანქანები თვითმფრინავით ჩრდილოეთ ამერიკაში გადაიტანეს, სადაც აშშ-ის და კანადის მოვლის შემდეგ, ისევ თვითმფრინავით, ისინი ავსტრალიას ეწვივნენ. მწვანე კონტინენტის შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის და რუსეთის, ბოლოს კი ისევ ევროპის ჯერ დადგა.

წყალბადის ქარავანს ყაზახეთში ინციდენტიც შეემთხვა - ალმა-ატიდან ბალხაშისკენ მოძრაობისას, მესამე ავტომობილს მანქანა შეეჯახა. ინციდენტის დროს, „მერსედესს“ უკანა საკიდარი დაუზიანდა. უახლოეს ტექმომსახურების ცენტრამდე ის დამხმარე ტექნიკური მანქანის დახმარებით მიიყვანეს, რემონტი კი საკმაოდ სწრაფად შესრულდა და მანქანამ გზა გააგრძელა.
იმის გამო, რომ წყალბადის გასამართი სადგურები იშვიათობაა, გერმანული კომპანიის ექსპედიციას მობილური გასამართი სადგური დაჰყვებოდა, რომელმაც თავისი მოვალეობა 130-ჯერ შეასრულა.
ავტომობილები, რომლებიც გარბენში მონაწილეობდნენ, მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავებისგან ღებულობენ, რომლებსაც ენერგიით აკუმულატორები და წყალბადის ფიჭური ელემენტები ამარაგებს. ამ უკანასკნელში ელექტროენერგიის გამომუშავება, ქიმიური პროცესის დროს ხდება და ამ პროცესში, ენერგომატარებელი წყალბადია, რომელიც რეაქციაში ჟანგბადთან შედის.
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა პროპაგანდის დანიშნულება ჰქონდა. ამით, სამქიმიანებს წყალბადის ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების საიმედობისა და უსაფრთხოების დემონსტრირება სურდათ. გარბენმა შტუტგარტელთა მიერ დასახული მისია შესანიშნავად შეასრულა.

No comments:

Post a Comment