Saturday, July 9, 2011

„ფორდი“ ლეგენდარულ მოდელ „კაპრის“ აღადგენს

The Legendary Ford Capri to Be Revived
9 ივლისი
ძველი ფორდ კაპრი
ამ ცნობას „ფორდის“ ავტომობილების თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე წელია, ელიან. და აი, ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ თავისი ერთ დროს ლეგენდარული მოდელის, კომპაქტურ კუპე „კაპრის“ აღდგენა აქვს გადაწყვეტილი. „ფორდი“ ამ მოვლენას, „კაპრის“ წარმოების დაწყებიდან 40 წლის იუბილეს მიუძღვნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუნდაც კონცეპტუალური ვერსიის სახით, ახალი „კაპრი“ წელსვე უნდა ვიხილოთ და ეს ალბათ ფრანკფურტის ავტო შოუზე მოხდება...


„ფორდის“ ინფორმაციით, განახლებული „კაპრი“ უბრალოდ ძველი ლეგენდის გახსენება არ იქნება. მისი დანიშნულება, ბაზარზე ისეთი სერიოზული კონკურენტების შევიწროება იქნება, როგორებიც „ფოლკსვაგენ შიროკო“ და „რენო მეგან კუპეა“.
ახალი „კაპრი“, ამერიკული კომპანიის მიერ ორი წლის წინ ნაჩვენები კონცეპტუალური „იოსის მაქს-ის“ სტილში შესრულდება და მესამე თაობის „ფოკუსის“ პლატფორმას დაეყრდნობა. „ფორდი“ აღიარებს, რომ „კაპრის“ მეშვეობით, თავისი განახლებული კორპორატიული სტილის პირველ ჩვენებას გეგმავს. ავტომობილი ეგრეთ წოდებულ ჰოტ-ჰეჩის სტილში (სპორტული ჰეჩბეკი) შესრულდება. ის ბენზინის და დიზელის აგრეგატებით აღიჭურვება. სავარაუდოდ, „კაპრისთვის“ განკუთვნილი დიზელის აგრეგატების სიმძლავრე 130-დან 197 ცხენის ძალამდე დიაპაზონში მოექცევა.
ფორდ იოსის მაქს


რაც შეეხება ბენზინის ძრავებს, ასეთი ჯერ ორია - 1.6 და 2.0-ლიტრიანი აგრეგატები, რომლებიც შესაბამისად, 148 და 200 ცხენის ძალას ავითარებენ. სავარაუდოდ, უფრო მძლავრი ძრავის დახმარებით, „კაპრი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 6 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. რაც შეეხება ფასს, განახლებული ლეგენდის მყიდველს დაახლოებით 30 000 დოლარის გადახდა მოუწევთ.
რა თქმა უნდა, ახალი „კაპრი“ ძველისგან ძლიერ განსხვავებული იქნება არამხოლოდ გარეგნობით, არამედ შინაგანადაც. ჯერ ერთი, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ის 6-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვოს. მეორეც, ახალს წამყვანი წინა ბორბლები ექნება (როგორც ფოკუსის დერივატივს), ძველს კი კლასიკური შეთანწყობა ჰქონდა, უკანა წამყვანი თვლებით.
თუმცა, „ფორდში“ იმედოვნებენ, რომ სახელ „კაპრით“ ბევრს მიიზიდავენ. ყოველ შემთხვევაში, მათ ჩათვალეს, რომ „ფოკუსის“ უბრალო სპორტული ვერსიის გამოშვებას, ისევ „კაპრის“ აღდგენა სჯობს...

No comments:

Post a Comment