Sunday, July 10, 2011

„ბეემვე“ პირველი სერიის გრან ტურიზმოსაც გამოუშვებს

BMW 1-Series Gran Turismo to Arrive in 2014
10 ივლისი
ბრიტანულმა გამოცემა „აუტოქარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, „ბეემვე“ პირველი სერიის გრან ტურიზმო მოდიფიკაციას გამოუშვებს. ავტომობილი გერმანიაში საგზაო გამოცდებს კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი გადის და სავარაუდო, ის ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება.
ახალი ავტომობილი, ბავარიული კომპანიის სრულიად ახალი, წინაამძრავიან UKL1 პლატფორმას დაეყრდნობა, რომელსაც „მინის“ მესამე თაობის და პირველი სერიის „ბეემვეს“ ავტომობილებისთვის შეიმუშავებენ. პირველი სერიის GT-ს ბაზაზე კი, მომავალში, მის უნივერსალისძარიან ვერსიასაც გამოუშვებენ, რომელიც კონკურენციას „აუდი A3 სპორტბეკს“ გაუწევს.
„აუტოქარის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ძარა, პირველი სერიის ჰეჩბეკის სტილში შესრულდება და რა თქმა უნდა, სამოდელო გამაში, მასზე მაღლა დაიკავებს ადგილს. აუვილებლად გამოვა მისი სრულამძრავიანი ვერსიაც, რომლის ბაზაზეც შემდგომში უგზოობის ავტომობილიც დამზადდება. ამასთან, ახლავე შეიძლება თქმა, რომ ეს უკანასკნელი, „მინი ქანთრიმენზე“ ოდნავ დიდი იქნება.
ახალი პლატფორმა წინიდან მაკფერსონის ტიპის სისტემას დაეყრდნობა, უკნიდან კი Z-ტიპის მრავალბერკეტიან სისტემას. ამასთან, საკიდარის დრეკადი ელემენტები პირველი სერიის ჰეჩბეკის ანალოგიურ ელემენტებთან შედარებით, უფრო ხისტი იქნება. სავარაუდოდ, ბაზარზე ამ ავტომობილის გამოჩენის მომენტში, ბავარიელებს ამ კლასის ავტომობილებისთვის, ძირითადად 1.4 და 2.0-ლიტრიანი ძრავები ექნებათ. ამასთან, ტოპ ვერსიებისთვის ისინი 6-ცილინდრიან ძრავებსაც გამოიყენებენ.
„ბეემვეს“ განვითარების განყოფილების შეფი კლაუს დრეგერი ამბობს, რომ მისი კომპანია, მხოლოდ თავისი ბრენდით, წლიურად 600-800 ათასი წინაამძრავიანი ავტომობილის წარმოებას აპირებს. ამასთან, ყოველწლიურად, ბავარიული კომპანიის საწარმოო პროგრამაში, პრემიუმ კლასის მცირე ავტომობილების წარმოების მოცულობა 4-6 პროცენტით გაიზრდება. ამის პარალელურად კი, „ბეემვეს“ ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობაც, ყოველ კილომეტრზე 117 გრამამდე შემცირდება. ეს მაჩვენებელი კი ამჟამად მხოლოდ „მინისა“ და „ბეემვეს“ მცირელიტრაჟიანი ავტომობილებისთვის არის ხელმისაწვდომი.

No comments:

Post a Comment