Alonso's car passes FIA fuel checks
24 ივლისი
ვინც გერმანიის დიდ პრიზს უყურა, ნახავდა, რომ რბოლის შემდეგ, ფერნანდო ალონსო, მარკ უებერის „რედ ბულზე“ ამხედრებული დაუბრუნდა დახურულ პარკს. ფინიშის გადაკვეთიდან ცოტა ხანში, მან მანქანა გააჩერა და შორიახლო მიმავალ უებერს ანიშნა, მიმიყვანეო.
საქმე ისაა, რომ რბოლის დასრულებისთანავე, ესპანელს ბოქსებიდან რადიოთი ამცნეს, შენი მანქანის ავზში საწვავი ძალიან ცოტაა და კარგს იზამ, თუ გაჩერდებიო. ალონსოს საწვავი იმისთვის კი ეყოფოდა, რომ ბოქსებამდე მიეღწია, მაგრამ „ფერარიში“ შიშობდნენ, რომ დარჩენილი საწვავი საკმარისი აღარ იქნებოდა იმისათვის, რომ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) სავალდებულო შემოწმებისთვის სინჯი აეღო. და თუ ასე მოხდებოდა, ესპანელ პილოტს რბოლიდან დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.
მაგრამ, როგორც გაირკვა, „სკუდერიამ“ განგაში ტყუილად ატეხა - დახურულ პარკში დაბრუნებული მანქანიდან, FIA-ს კომისიამ სასინჯო საწვავი იოლად და საკმარისი რაოდენობით ამოიღო, რის შესახებაც მარანელოელებმა პრესას მაშინვე ამცნეს.
„მათ რბოლის შემდეგ ერთი ლიტრი საწვავი უნდა აეღოთ და ეს უპრობლემოდ შეძლეს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ თავი დავიზღვიეთ და ფერნანდოს რადიოშეტყობინება სწორედ ამის გამო გავუგზავნეთ“, - ნარბოლევს განაცხადა „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, თუ რის გამო მოხდა ყოველივე - რბოლისთვის საჭირო საწვავის რაოდენობის განსაზღვრისას, გუნდმა შეცდომა დაუშვა, თუ გამიზნულ რისკზე წავიდა და თუნდაც მცირე უპირატესობის მისაღებად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს შედარებით მცირე რაოდენობით საწვავი ჩაუსხა.
სხვათა შორის, როცა ალონსოს მანქანას უჩერებდა, რეგლამენტი დაარღვია უებერმა, რადგან წესებში მკაცრადაა მითითებული, რომ რბოლის დასრულების შემდეგ, რბოლის მონაწილენი ვალდებულნი არიან, გაუჩერებლად დაუბრუნდნენ დახურულ პარკს. ალონსოს ასაყვანად, ავსტრალიელმა პილოტმა მანქანა ცოტა ხნით გააჩერა და შემდეგ გზა განაგრძო. თუმცა, ამის გამო, FIA-ს ის არ დაუჯარიმებია.
No comments:
Post a Comment