Sunday, July 24, 2011

ჰამილტონი ისევ მწვერვალზეა

Hamilton wins in style in Germany
24 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპია. არამხოლოდ იმიტომ, რომ საშინაო რბოლაში კვარცხლბეკზეც ვერ ავიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელსაც ამ სეზონის განვლილი ათი რბოლიდან, ექვსი აქვს მოგებული. არამედ იმიტომაც, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „რედ ბულს“ ერთბაშად ორი მეტოქე გუნდის პილოტებმა აჯობეს.
ფინიშის ხაზი პირველმა „მაკლარენის“ ლუის ჰამილტონმა გადაკვეთა, რომელსაც თითქმის ოთხი წამით ჩამორჩა წინა რბოლის (ბრიტანეთი) გამარჯვებული, „ფერარის“ ფერნანდო ალონსო. მარკ უებერი კი, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ავსტრალიელს შეუძლია თავი იმით ინუგეშოს, რომ ამ სეზონში, პირველად ედგა პელოტონს სათავეში.
სტარტი

ამგვარად, დასრულდა 11-რბოლიანი სერია, რომელთა შედეგებითაც, ფეტელი ყოველთვის კვცარცხლბეკზე ადიოდა. მართალია, სამივე კონკურენტმა მასზე ადრე დაასრულა რბოლა, მაგრამ ფეტელის უპირატესობა უახლოეს მდევართან მაინც მხოლოდ სამი ქულით შემცირდა. უახლოესი მდევარი ისევ უებერია, რომელმაც ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულით შეამცირა.


ფეტელის შემდეგ, ჰამილტონი პირველი პილოტია, ვინც ამ სეზონში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვება შეძლო. ამით მან საერთო ჩათვლაში, მესამე ადგილიდან ჩამოაქვეითა ალონსო, თუმცა ჯერაც 5 ქულით ჩამორჩება უებერს, ვისაც ამ სეზონში ჯერ ერთი გამარჯვებაც არ აქვს, თუმცა ქულებს სტაბილურად აგროვებს.
ჰამილტონი ალონსოს წინ
რბოლა თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესო გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. მასში კი ხუთი ყველაზე გამორჩეული მომენტის გამოყოფა შეიძლება, რომლებმაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
რა თქმა უნდა, პირველი გამორჩეული მომენტი სტარტი გახდა - მწვანე ნიშანზევე ჰამილტონმა უკან ჩამოიტოვა უებერი, რომლის გასწრება იქვე ფეტელმაც სცადა, თუმცა ის ორი „ფერარის“ გარემოცვაში აღმოჩნდა და მანევრისთვის ადგილი აღარ დარჩა. ამით კი ალონსომ ისარგებლა, რომელმაც პირველ მოსახვევში ჩამოიტოვა მოქმედი ჩემპიონი. სამაგიეროდ, დაზარალდა ფელიპე მასა, ვინც ფეტელს გარე რადიუსიდან უტევდა და ამის გამო, არამხოლოდ მისი გასწრება ვერ შეძლო, არამედ ნიკო როსბერგის შეტევაც ვერ მოიგერია.
ჰამილტონი, უებერი და ალონსო
ფეტელმა მალევე გაასწრო ალონსოს, თუმცა ესპანელის ჩამოტოვება ვერ შეძლო და მერვე წრეზე, მისი ბრწყინვალე მანევრის მოგერიებაც არ გამოუვიდა - ალონსო მესამე პოზიციაზე დაბრუნდა. მერე კი ფეტელი შეცდა და დატრიალდა. მართალია, ტრასაზე დარჩა, მაგრამ გერმანელს მასა და როსბერგი წამოეწივნენ, რომლებსაც ერთმანეთში დიდი ბრძოლა ჰქონდათ.
რბოლის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მე-12 წრეზე დადგა. ჯერ იყო და, წინა წრის მიწურულს, ბოლო მოსახვევიდან როსბერგზე უკეთ გამოვიდა მასა, რომელმაც სლიპსტრიმიც მოიშველია და მეტოქეს გვერდში ამოუდგა. მაგრამ გერმანელი გაუძალიანდა. ორივემ სტარტ/ფინიშის სწორი გვერდიგვერდ გაიარა, ბოლოს კი მასამ უკეთესი ტრაექტორიის წყალობით შეძლო დაწინაურება.
ჰაიდფელდის და ბუემის ავარია
იმავე წრის ბოლოს კი, დაახლოებით მსგავსი ბრძოლა უებერსა და ჰამილტონს შორის გაჩაღდა. ჯერ ავსტრალიელმა შეძლო გასწრება, მაგრამ ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას, მანქანა ოდნავ „გაექცა“, რაზეც სიჩქარე დაკარგა. რა თქმა უნდა, ამით მაშინვე ისარგებლა ჰამილტონმა. უებერმა მე-13 წრის პირველივე მოსახვევში ისევ სცადა გასწრება, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება აღარ მისცა. ამასობაში კი ორივეს ალონსო წამოეწია...
მესამე საინტერესო მომენტი პიტსტოპების პირველი სერია გამოდგა: ბოქსში პირველი უებერი (მე-14 წრე) შევიდა, რომელსაც როგორც ჩანს, რეზინი ჰამილტონთან უშეღავათო ბრძოლისას დაუზიანდა. ჰამილტონმა და ალონსომ ბოქსებს სამი წრის შემდეგ, ერთდროულად მიაშურეს და იქიდანაც იმავე თანმიმდევრობით დაბრუნდნენ. მაგრამ მათს წინ მასა და უებერი აღმოჩნდნენ. მასა იმიტომ, რომ ბოქსში ნამყოფი არ იყო, უებერს კი უპირატესობა ახალმა რეზინმა მისცა. აბსტრალიელმა ლიდერობა პიტსტოპების მეორე სერიამდე შეინარჩუნა.
ჰამილტონი უებერის წინ
მეოთხე და ალბათ გადამწყვეტი მომენტი პიტსტოპების მეორე სერია იყო, რომელიც სამი წრე გაგრძელდა. 31-ე წრეზე ბოქსში უებერი შევიდა, ერთი წრის შემდეგ კი რეზინი ჰამილტონმაც შეცვალა და ტრასაზე დაბრუნებული, ავსტრალიელის წინ აღმოჩნდა. უებერმა მაშინვე შეუტია (პირველ მოსახვევში), მაგრამ ბრიტანელმა პოზიციის დაცვა შეძლო. 33-ე წრეზე ბოქსში ალონსოც შევიდა და ტრასზე დაბრუნებული, ჰამილტონის წინ აღმოჩნდა. ამანაც მაშინვე შეუტია, ოღონდ უებერისგან განსხვავებით, მიზანს ადვილად მიაღწია...

ალონსო ფეტელს უსწრებს


უკანა რიგებშიც ძალიან საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობდა. მაგალითად, 35-ე წრის ბოლოს, ნიკო როსბერგმა ჯენსონ ბატონის შეტევას ვერ გაუძლო, შეცდა და მეტოქეს გასწრებაში ხელი ვეღარ შეუშალა, თუმცა სამწუხაროდ, ბრიტანელი მალევე გაჩერდა - მის „მაკლარენს“ ტრანსმისია დაუზიანდა.
დაბოლოს (მეხუთე გამორჩეული მომენტი), როგორც „პირელიმ“ ივარაუდა, ლიდერებმა საშუალო სიმაგრის საბურავების დაყენება რბოლის მიწურულს დაგეგმეს. ოღონდ საკითხავი იყო, ვინ გარისკავდა ბოქსში ყველაზე ადრე შესვლას. პირველმა ეს ჰამილტონმა 52-ე წრეზე გააკეთა. ერთი შეხედვით, ეს შეცდომა იყო... ალონსომ ბოქსებში ვიზიტი ორი წრით დააგვიანა, თუმცა ამით ვერ იხეირა - ის ტრასას ჰამილტონის უკან დაუბრუნდა. უებერი კი ბოქსში ფინიშამდე სამი წრით ადრეღა შევიდა, მაგრამ მანამდე, მისი რბილი საბურავები იმდენად გაცვეთილი იყო, რომ ავსტრალიელს ვერანაირი უპირატესობა ვერ მოაპოვებინა. მოკლედ, მესამე პიტსტოპის მაქსიმალურად დაგვიანებამ ის ვერაფრით ახეირა...
ჰამილტონი ფინიშის ხაზზე

ნამდვილი დრამა გათამაშდა ბოლო წრეზე: მასასა და ფეტელს შორის უშეღავათო ბრძოლა ათ წრეზე მეტხანს გრძელდებოდა და ამ ბრძოლაში, ორივემ სავალდებულო (ყველა ვალდებულია, რბოლისას ორი ტიპის რეზინი გამოიყენოს), მესამე პიტსტოპი ბოლო წრისთვის შემოინახა. ისინი ერთდროულად შევიდნენ ბოქსში, საიდანაც პირველი ფეტელი დაბრუნდა და სწორედ ამის წყალობით, მან მეოთხე ადგილი დაიკავა...

ჰამილტონს თანაგუნდელები ულოცავენ











გერმანიის დიდი პრიზი
ნურბურგრინგი, დისტანცია 308.863 კმ (60 წრე, 5.148 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:37:30.334
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 +00:03.980
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:09.788
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            00:47.921
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:52.252
6. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               01:26.208
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1 წრე
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1 წრე
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1 წრე
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1 წრე
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1 წრე
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1 წრე
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2 წრე
17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          3 წრე
18. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                3 წრე
19. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            3 წრე
20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 4 წრე
გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                  23 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               25 წრე
გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)            44 წრე
გ. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            51 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:34.302, 59-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 216 ქულა; 2. მარკ უებერი - 139; 3. ლუის ჰამილტონი - 134; 4. ფერნანდო ალონსო - 130; 5. ჯენსონ ბატონი - 109; 6. ფელიპე მასა - 62; 7. ნიკო როსბერგი - 46; 8. ნიკ ჰაიდფელდი - 34; 9. ვიტალი პეტროვი - 32; 10. მიხაელ შუმახერი - 32; 11. კამუი კობაიაში - 27; 12. ადრიან სუტილი - 18; 13. ხაიმე ალგერსუარი - 9; 14. სერხიო პერესი - 8; 15. სებასტიან ბუემი - 8; 16. რუბენს ბარიკელო - 4; 17. პოლ დი რესტა - 2
           
კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 355 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 243; 3. ფერარი - 192; 4. მერსედესი - 78; 5. რენო - 66; 6. ზაუბერ-ფერარი - 35; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 20; 8. ტორო როსო-ფერარი - 17; 9. უილიამს-კოსუორტი - 4

No comments:

Post a Comment