'Veyron pace' for Fisker Karma
21 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, კალიფორნიული კომპანია „ფისკერი“, თავის ელექტრომობილ „კარმასთვის“ მრავალსაფეხურიანი ტრანსმისიას ქმნის, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სედანის დინამიკური მახასიათებლები. იმდენად, რომ მას დაახლოებით „ბუგატი ვეირონის“ დონის აჩქარება შეეძლოს - ადგილიდან 100 კმ/სთ-ს ასაკრეფად დაახლოებით 2.5 წამი ჰყოფნიდეს.
კომპანიის დამაარსებლისა და მფლობელის, დანიელ ინჟინერ ჰენრიკ ფისკერის თქმით, ახალი კოლოფი „კარმას“ ძრავის შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას მისცემს. ცნობილია, რომ ამჟამად ელექტრომობილებზე ერთსაფეხურიან ტრანსმისიებს იყენებენ და ამგვარად, ელექტრული ძრავების საიმედო მუშაობას აღწევენ. სამაგიეროდ, უარესდება ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები.
კიდევ ერთმა კალიფორნიულმა კომპანია „ტესლამ“, რომელიც ასევე ელექტრომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, თავის ელექტრულ „როდსტერზე“ ორსაფეხურიანი ტრანსმისიის გამოყენება სცადა, თუმცა მასზე უარის თქმამ მოუწია, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ კოლოფი ძალიან მალე ზიანდებოდა.
ცნობისათვის, „ფისკერ კარმას“ მამოძრავებელ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 403 ცხენის ძალას აღწევს. ისინი ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ, რომლებსაც მოძრაობისას, 260-ცხენისძალიანი შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი მუხტავს. მარტო აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, „კარმას“ 80 კილომეტრის გავლა შეუძლია, დამხმარე ტანდემის ჩართვის შემდეგ კი მისი სვლის სიშორე 480 კილომეტრამდე იზრდება.
ამ ავლა-დიდებით, „ფისკერ კარმას“ ადგილიდან ასამდე აჩქარება 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს. როდესაც ავტომობილი შიდაწვის ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიით გადაადგილდება, მაშინ მისი ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 2.4 ლიტრია, აკუმულატორების სრულად დასამუხტად კი 6 საათია საჭირო. „ფისკერ კარმას“ საბაზო ღირებულება აშშ-ის ბაზარზე 88 000 დოლარია.
No comments:
Post a Comment