Monday, July 4, 2011

„ასტონ მარტინი“ კონცეპტუალურ „V12 ძაგატოს“ გამოუშვებს

V12 Zagato Production Confirmed on Aston Martin Website
4 ივლისი
მაისის ბოლოს, „ლამბორგინის“ და იტალიურ სადიზაინერო ატელიე „ძაგატოს“ ერთობლივმა კონცეპტუალურმა ნამუშევარმა, სახელად „V12 ძაგატო“, იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს მახლობლად (ვილა დ’ესტე) ჩატარებული ტრადიციული ელეგანტურობის კონკურსი მოიგო. ახლახანს კი, ამ ავტომობილის ორმა სადემონსტრაციო ასლმა, მეტსახელებით „ზიგ“ და „ზაგ“, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში გაინავარდა.

და აი, ეს ავტომობილი „ასტონ მარტინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, კომპანიის სამოდელო გამაში, (ვან-77-სა და DBS-ს შორის) შეიტანეს. ეს კი ნიშნავს, რომ ინგლისური კომპანია მის წარმოებას აპირებს. ეს ამავე გვერდზე მაშინვე კომპანიამ ოფიციალურადაც დაადასტურა, თუმცა ისიც მიუთიტა, რომ ამ ავტომობილს თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დაამზადებს.
„ამ ავტომობილის საგზაო ვერსიას ძალიან შეზღუდული რაოდენობით დავამზადებთ“, - ნათქვამია ვებგვერდზე და მითითებულია, რომ ამ ავტომობილის შესახებ ოფიციალური მონაცემები რამდენიმე კვირაში (სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუმდე) გამოქვეყნდება. მართალია, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არაა, თუმცა მის მართებულობაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.
კონცეპტუალური მოდელი „ასტონ მარტინსა“ და „ძაგატოს“ შორის 50 წლის წინანდელ თანამშრომლობას (მოდელ DB4 GT-ზე) მიეძღვნა. ის ინგლისური კომპანიის მოდელ „V12 ვენტიჯის“ პლატფორმას ეყრდნობა, თუმცა მისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობა აქვს, რომელიც იტალიური ატელიეს სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ვილა დ’ესტეზე ყველაზე ელეგანტური ავტომობილის წოდების მოპოვების შემდეგ, „ასტონმა“ ის რბოლისთვის მოამზადა, თუმცა ნურბურგრინგზე კომპანიის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ორივე ავტომობილს ფინიშის ხაზი გადაეკვეთა. და მათ ეს შეძლეს!
ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე წარდგენილი მოდელი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 510 ცხენის ძალას და 570 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მომენტი 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატიზებული კოლოფის გავლით, უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. კოლოფს ელექტროჰიდრავლიკური სისტემა ემსახურება.
ინტერნეტ გამოცემა „აუტოუიკის“ ჰოლანდიური რედაქციის ინფორმაციით, „ასტონი“ სულ რარაც 150 ცალ „V12 ძაგატოს“ გამოუშვებს, თითოეულის ღირებულება კი 330 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება. ამგვარად, ის DBS-ზე თითქმის ორჯერ ძვირი, „V12 ვენტიჯზე“ კი ორნახევარჯერ ძვირი ეღირება.

No comments:

Post a Comment