Thursday, August 4, 2011

მზად ხართ „ალფას“ ახალი სპორტული ავტომობილისთვის?

Alfa Romeo Announces 4C Debut at 2011 Frankfurt Motor Show
4 აგვისტო
მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო კომპანიები, ფრანკფურტის მოტორ შოუს წინ, ეგრეთ წოდებულ, ტიზერულ მოთელვას გადიან. ისინი ავტოსამყაროს ინტერესს წინდაწინ, ფოტო ტიზერების გავრცელებით აღვივებენ და ამას იმგვარად აკეთებენ, რომ ამ ინტერესის პიკს ფრანკფურტისთვის მიაღწიონ. მათ შორისაა „ალფა რომეოც“, რომელსაც სხვებივით „გრძელი სკამი“ არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც ეთქმის.

ყოველ შემთხვევაში, მილანურმა კომპანიამ ფეისბუკში, თავის კედელზე ფოტო ტიზერი დადო, რომელზეც მხოლოდ საფრანკფურტოდ მომზადებული ავტომობილი ანთებული ფარები და მანქანის აჩრდილი მოჩანს. ამასთან, ტიზერი ერთგვარ აფიშას წარმოადგენს, რომელიც გვეკითხება - მზად ხარ, აღმოაჩინო ახალი გარეგნობაო? ქვემოთ კი მიგვითითებს, თუ მზად ხარ, ფრანკფურტის შოუზე გვნახე და თუ გულიც არ მოგითმენს, ჩვენს კედელზე მალი-მალ შემოდი, პერიოდულად სხვა ტიზერებსაც გაჩვენებთო...
მართლაც კარგი მოთელვაა. მართალია, მას ამ ავტომობილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მოჰყვება, თუმცა მთავარი ცნობა ტიზერის მარცხენა, ზედა კუთხეშია, „ალფას“ ლოგოს გვერდით, სადაც წერია 4C. მაშ ასე, უკვე გავიგეთ, რომ ფრანკფურტში „ალფას“ სიახლე კუპე 4C იქნება, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ჟენევაში, ახლახანს ვიხილეთ.
რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, ფრანკფურტში ამ ავტომობილის კონცეპციის განვითარებას ვნახავთ, თუ უკვე წარმოებისთვის მომზადებულ ავტომობილს. თუმცა, ვარაუდი შეგვიძლია და ამის საფუძველს თვითონ „ფიატ/კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე იძლევა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპელი დილერების შოურუმებში, „ალფა რომეო 4C“ 2012 წლის დასაწყისში გამოჩნდება. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ ფრანკფურტში წინასერიულ ვერსიას ვიხილავთ.
ფრანკფურტშივე დაზუსტდება ავტომობილის ტექნიკური დეტალები. სანამ ამას გავიგებთ, გავიხსენოთ, რომ ჟენევაში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ბენზინის 1.75-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას იძლევა. მასთან კი ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებულ კოლოფთანაა დაკავშირებული.
მსუბუქი მასალების (ალუმინი და კარბონის კომპოზიტი) უხვად გამოყენების წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის. ეს წონა კი ღერძებს შორის, 40:60 პროპორციითაა გადანაწილებული. ამ მონაცემებით, კონცეპტუალურ 4C-ს ადგილიდან ასის აკრეფა დაახლოებით 5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ზე მეტია. თითქმის გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ სერიულ კუპეს ამაზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლები ექნება.

No comments:

Post a Comment