Wednesday, August 10, 2011

„აუდის“ ურბანული მინი - პირველი ინფორმაცია


Meet The Audi Urban Concept Car
10 აგვისტო
რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტით „აუდის“ კონცეპტუალური მინი ავტომობილის ფოტოები გავრცელდა. ის ბერლინის ქუჩებში ჰყავდათ გამოყვანილი და კარგად შენიღბულს, თუმცაღა ცხვირზე ოთხი საფირმო ნიშნით, ვიდეოთი იღებდნენ. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ ეს პატარა, უცნაური ფორმის მანქანა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე დებიუტისთვის ემზადება.

გავიდა რამდენიმე დღე და ისევ ინტერნეტით, ამ ავტომობილის ესკიზები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. სავარაუდოდ, ყოველივე „აუდის“ ხელშეწყობით გაკეთდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგოლშტადტელებმა ფრანკფურტისწინა მოთელვა დაიწყეს.
ესკიზზე ავტომობილი ოდნავ სხვანაირად, შეიძლება ითქვას, უკეთ გამოიყურება. ეს კი სულაც არაა გასაკვირი, რადგან ესკიზები ხშირად უფრო თამამი შესრულებით გამოირჩევა და მათზე პროპორციებიც განსხვავებულია, ვიდრე რეალობაში. ამ შემთხვევაში, ავტომობილს ძალიან მცირე კლირენსი აქვს, ვიდრე რეალობაშია. უფრო დახვეწილი ჩანს ძარის ელემენტებიც. ავტომობილს კარი არ აქვს. სალონში შესასვლელად, უკნისკენ იხსნება თვითმფრინავის სანთლის ტიპის ხუფი. სალონში კი მხოლოდ ორი სავარძელია. მათგან მძღოლისა წინ და ოდნავ მარცხნივ მდებარეობს, მგზავრისა კი - უკან და ოდნავ მარჯვნივ.
„აუდის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი ძალიან მსუბუქია და რაც მთავარია, კომპანიის არცერთ არსებულ პლატფორმას არ ეყრდნობა. ავტომობილი დაფუძნებულია კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკზე და უზარმაზარ, 21-დუიმიან ბორბლებზე დგას. ბორბლები ძარიდანაა გამოსული და მათ საკუთარი „ნაჭუჭი“ ფარავს - ასე შემხვედრი ჰაერი მბრუნავ ბორბალს არ ეხება და წინააღმდეგობაც არ წარმოიქმნება.
ავტომობილი სერია e-ტრონის ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობენ. რა მონაცემები აქვს ამ ძრავებს, რომელ ბორბლებს აბრუნებენ და მათი წყალობით, რა დინამიკური მონაცემები აქვს ავტომობილს, ამაზე ინგოლშტადტელები ჯერ არაფერს ამბობენ. ფრანკფურტამდე ხომ არ მოყვებიან ყველაფერს...

No comments:

Post a Comment