Wednesday, August 10, 2011

„ჯენერალ მოტორსს“ ევროპაში „შევროლეს“ წარმოება სურს


GM CEO wants to build Chevrolets in Europe
10 აგვისტო
„ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი ამბობს, რომ მისი კომპანიის გრძელვადიანი გეგმები, ევროპაში „შევროლეს“ ავტომობილების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როდის. დღეისათვის „გენერლებს“ ევროპაში „შევროლე“ ამერიკიდან და კორეიდან შეაქვთ, რაც არაეფექტური სქემაა და შეცვლას საჭიროებს.

„ადრე თუ გვიან, ევროპაში „შევროლეს“ ავტომობილების წარმოების დაწყება მოგვიწევს და ამას რაც ადრე გავაკეთებთ, მით უკეთესი. ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა“, - ამბობს აკერმანი. მის ამ მოსაზრებას ეთანხმება „ჯენერალ მოტორსის“ ევროპულ შტო „ოპელის“ პროფკავშირის შეფი კლაუს კრანცი. გერმანიის ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ევროპაში „შევროლეს“ წარმოების დაწყებას, მისი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია, ითხოვს.
მისი აზრით, კარგი იქნება, თუ „შევროლეს“ ავტომობილებს ამერიკული კომპანიის არსებული ქარხნები გამოუშვებს. ამგვარად, ამ ქარხნების სიმძლავრეებს მაქსიმალურად აითვისებენ, რაც რენტაბელობას გააუმჯობესებს. მაგალითად მას მოჰყავს „ოპელის“ ბოხუმის ქარხანა, რომელიც „ოპელ ზაფირას“ აწარმოებს და შეუძლია „შევროლე ორლანდოს“ წარმოება.
„შევროლე“ სუბკომპაქტურ „ავეოს“ პოლონეთში აწარმოებს, კომპაქტურ „კრუზს“ კი რუსეთში, თუმცა იქ წარმოებული ავტომობილები რუსულ ბაზარზევე იყიდება. ევროპაში ავტომობილების დიდი ნაწილი სამხრეთ კორეიდან შედის, სპორტული „კორვეტი“ და „კამარო“ კი - ამერიკიდან.
ევროპასა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, „შევროლემ“ შარშან 477 000 ავტომობილი გაჰყიდა. ეს მარკა ყველაზე პოპულარული გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთსა და უზბეკეთშია. „შევროლეს“ ევროპული შტოს პრეზიდენტ უეინ ბრენონის თქმით, „ჯენერალ მოტორსს“ სურს, რომ „შევროლემ“ 2016 წელს მილიონი ავტომობილი გაყიდოს.
„ჯენერალ მოტორსის“ ოჯახში, დღეისათვის მხოლოდ ორი გლობალური ბრენდი შედის. ესენია „შევროლე“ და „კადილაკი“. ევროპაში ძირითადი ბრენდი „ოპელია“, რომელთან „შევროლეს“ შიდა კონკურენციის გამოსარიცხადაც, გერმანული კომპანია უფრო მაღალ საფასო სეგმენტში გადავა, სადაც მას უსერიოზულესი კონკურენტი ეყოლება „ფოლკსვაგენის“ სახით.
გარდა ამისა, „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ მომდევნო ექვს წელიწადში, კომპანია თავისი გლობალური მოდელების პლატფორმებს გაანახევრებს. დღეს თუ პლატფორმების რაოდენობა 30-ია, გეგმის შესრულების შემდეგ, მათი რიცხვი 14-მდე შემცირდება. ამგვარად, მილიარდობით დოლარი დაიზოგება და ამასთან, შემცირდბა ახალი ავტომობილის შემუშავების დრო.

No comments:

Post a Comment